ლარის კურსი

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემდეგ, ლარი დოლართან მცირედით გამყარდა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ცნობით, 4 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან 0.23 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.04 თეთრით გაუფასურდა.

ოფიციალური კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2.9660 ლარი იქნება, ერთი ევროსი კი 3.2668 ლარი.

დღეს დილით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ უწყება რეფინანსირების განაკვეთს 7%-მდე ზრდის.

იქამდე კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 3 ლარს აჭარბებდა.

როგორც ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი აცხადებს, რეფინანსირების განაკვეთის ზრდას, რომელიც ინფლაციის წინააღმდეგ მიმართული ზომაა, ლარზე გამყარების ეფექტი მოსდევს:

"ლარის კურსთან მიმართებით ასეთ ნაბიჯს აქვს გამყარების ეფექტი. იმიტომ, რომ ლარზე მოკლე ვადაში მოთხოვნას ზრდის.

მოთხოვნა როცა იზრდება ლარზე, მოკლე ვადაში ეს კურსზე დადებითად მოქმედებს. თუმცა ვიცით, რომ ეს გასტანს ცოტა ხანი. როგორც ივლისში რეზერვების გაყიდვის შემთხვევაში მოხდა, ამას არ ექნება გრძელვადიანი ეფექტი."

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

2008 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები აამოქმედა.

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ. მოსალოდნელია კომერციული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც. შედეგად, შემცირდება ფულის მასა ბაზარზე, რამაც უნდა შეამციროს ინფლაცია და გაამყაროს ეროვნული ვალუტა, სამაგიეროდ უარყოფითი ეფექტი ექნება ეკონომიკურ აქტივობაზე.

კომენტარები