ესპანეთი

პედრო სანჩესის თქმით პოდემოსთან სამთავრობო კოალიცია ვერ შედგება

პედრო სანჩესი და პაბლო იგლესიასი
Reuters

ესპანეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სოციალისტური პარტიის ლიდერმა პედრო სანჩესმა თქვა, რომ ულტრა-მემარცხენე უნიდას პოდემოსთან ("ერთად ჩვენ შეგვიძლია") კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მათ შორის ზედმეტად ბევრ საკითხზე არის აზრთა სხვადასხვაობა.

"თუმცა დღეს არ არის ისეთი პირობები, რომ სამთავრობო პარტნიორები გავხდეთ, არ არის მტრობის მიზეზი. შესაძლებელია, რომ ლოიალური მხარდამჭერები ვიყოთ, ისევე როგორც წარსულში." თქვა მან.

სანჩესის თქმით პოდემოსთან კოალიციის გარდა სხვაგვარი თანამშრომლობა შესაძლებელია, მაგალითად პოლიტიკის საკითხებზე და პარტიის წევრებისათვის სხვადასხვა თანამდებობის შეთავაზება, გარდა მინისტრებისა.

მიუხედავად ამისა, პოდემოსის ლიდერს, პაბლო იგლესიასს მიაჩნია, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა ერთადერთი გამოსავალია.

"პოლიტიკა ვერ იქნება დამყარებული ნდობაზე, ის უნდა იყოს დამყარებული გარანტიებზე. კოალიციური მთავრობა ერთადერთი გარანტიაა რომ ის პოლიტიკა გავატაროთ, რაც ხალხის ცხოვრებას შეცვლის." თქვა მან.

სანჩესი პრემიერმინისტრის მოვალეობას აპრილში გამართული არჩევნების შემდეგ ასრულებს, რომელშიც უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. იმ შემთხვევაში, თუ პარტიები 23 სექტემბრამდე სამთავრობო კოალიციას ვერ შექმნიან 10 ნოემბერს ხელახალი არჩევნები დაინიშნება.

სანჩესის თქმით აუცილებელი არაა ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. მხარდამჭერების მოსაპოვებლად მან 300-ზე მეტი შეთავაზება წამოაყენა, მათ შორის შრომითი კანონმდებლობის, საპენსიო და გარემოს დაცვითი რეფორმები.

შეგახსენებთ, რომ ივლისში ესპანეთის მოქმედმა პრემიერმინისტრმა პედროს სანჩესმა პოსტზე ხელახლა ასარჩევად საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

სამთვიანი მოლაპარაკებები უნიდას პოდემოსის პარტიასთან შეთანხმების გარეშე დასრულდა.

იმ შემთხვევაში, თუ ხელახალი არჩევნები დაინიშნება, ეს ესპანეთში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მეოთხე არჩევნები იქნება

კომენტარები