დიდი ბრიტანეთი

ბორის ჯონსონი ბრექსითის დაბლოკვის შემთხვევაში არჩევნების დანიშვნით იმუქრება

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის წევრებს ულტიმატუმი წაუყენა. ჯონსონის თქმით კონსერვატორების ნაწილი, რომელთაც შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლა არ სურთ და ამისათვის პარლამენტში კანონის გატანას ცდილობენ, ბრექსითის მომლაპარაკებლებს ხელს უშლიან.

"თუ რაიმე აფერხებს მოლაპრაკებებს ესაა შეგრძნება ბრიუსელში, რომ პარლამენტარებმა შესაძლოა იპოვონ გზა რეფერენდუმის შედეგების გასაუქმებლად... თუ ისინი ამას გააკეთებენ ბრიტანეთის პოზიციას ფეხებს მოკვეთენ და შემდგომ მოლაპარაკებებს შეუძლებელს გახდიან.მინდა ყველამ იცოდეს - არავითარ შემთხვევაში არ ვთხოვ ბრიუსელს გადადებას. ჩვენ გავდივართ 31 ოქტომბერს, არავითარი არა ან მაგრამ. ჩვენ არ შევეგუებით დაპირებების უკან წაღები და რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მცდელობებს." თქვა ჯონსონმა.

ჯონსონმა თქვა, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ სურს, თუმცა ბრექსითი 31 ოქტომბერს აუცილებლად უნდა მოხდეს და თუ ამას რაიმე საფრთხე შეექმნება 14 ოქტომბერს არჩევნებს დანიშნავს.

კანონი, რომელსაც ყოფილმა კანცლერმა ფილიპ ჰამონდმა და ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა დევიდ გოკმა მოაწერეს ხელი ბრექსითის ვადის 31 იანვრამდე გადაწევას გულისხმობს, თუ პარლამენტი ბრექსითის გეგმას არ დაამტკიცებს, ან შეთანხმების გარეშე გასვლას მხარს არ დაუჭერს.

კონსერვატიულ პარტიაში ამბობენ, რომ არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში წევრები, რომლებიც 31 ოქტომბერს ბრექსითის დაბლოკვას შეეცდებიან პარტიის სიაში არ იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას დედოფალმა ელისაბედ მეორემ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის თხოვნა პარლამენტის მუშაობის შეჩერების თაობაზე დააკმაყოფილა. დედოფლის სიტყვა, რომლის შემდეგაც პარლამენტის ახალი სესია იწყება 14 ოქტომბერს ჩაინიშნა. დედოფალი ამ თარიღს დათანხმდა. შედეგად პარლამენტი მუშაობას 3 სექტემბერის ნაცვლად 14 ოქტომბერს განაახლებს. ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების საბოლოო თარიღად 31 ოქტომბერია განსაზღვრული, რაც კანონმდებლებს საკითხის განსახილველად მხოლოდ 2 კვირას უტოვებს.

ბორის ჯონსონმა უარყო მისი ოპონენტების ბრალდება, რომ პარლამენტის მუშაობის შეჩერების მიზეზი ბრექსითის გადადების დაბლოკვაა და თქვა, რომ მიუხედავად ამისა პარლამენტარებს ევროკავშირიდან გასვლის განსახილველად საკმარისი დრო ექნებათ. ოპოზიციის ლიდერებმა დედოფალთან შეხვედრა ითხოვეს. ექსპერტების აზრით ჯონსონის გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ მის მიმართ უნდობლობის გამოცხადების შანსებს ზრდის.

ივლისში ბრიტანელმა კანონმდებლებმა 315 ხმით 274-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს შემოთავაზებას, რომელიც ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას და ამისთვის პარლამენტის უფლებამოსილების შეჩერებას გაართულებს, თუმცა სრულად არ ბლოკავს.

გასულ კვირას დიდი შვიდეულის სამიტზე პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა საფრანგეთში გამართულ დიდი შვიდეულის შეხვედრაზე თქვა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის შედეგებს მარტივად გაუმკლავდება. მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების გარეშე გასვლა ევროკავშირის ლიდერების სიჯიუტის ბრალი იქნება.მისი თქმით მზადება მიმდინარეობს როგორც ახალი შეთანხმების მიღწევაზე, ასევე, შეთანხმების გარეშე გასვლისათვის.

ჯონსონმა ევროკავშირს მიმართა და თქვა, რომ ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად შემუშავებული მექანიზმი, ე.წ. "ბექსტოპი" ბრექსითის შეთანხმებიდან უნდა გამოირიცხოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯონსონის თქმით, შეთანხმება ვერ შედგება და დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გავა.

"ბექსტოპის" მექანიზმით ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს "უფრო ღრმა" საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

"ბექსტოპის" საკითხი ტერეზა მეის შეთანხმების მთავარ წინააღმდეგობად იქცა, რის შედეგადაც პარლამენტმა მის მიერ შეთავაზებული გეგმა სამჯერ ჩააგდო და, საბოლოოდ, მეიმ პოსტი დატოვა.

კომენტარები