Echowaves Festival

Echowaves-ის ორგანიზატორები: დაკავებულთა დასახმარებლად მცდელობა არ დაგვიკლია

Echowaves Festival / Facebook

ფესტივალ Echowaves-ის ორგანიზატორები ანაკლიაში ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ქურდობის ბრალდებით 16 პირის დაკავებას გამოეხმაურნენ, მათი თქმით, საორგანიზაციო ჯგუფს დაკავებულთა დასახმარებლად მცდელობა არ დაუკლია.

"საჭიროდ მიგვაჩნია, ფესტივალმა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ფესტივალის ტერიტორიაზე და მიმდებარედ დაკავებული 16 ადამიანის (3 ძარცვის შემთხვევა, 13 ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული შემთხვევა) საკითხთან დაკავშირებით. 

მათგან 13 უკვე გათავისუფლდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ Echowaves-ის საორგანიზაციო ჯგუფს მცდელობა არ დაუკლია დაკავებულთა დასახმარებლად და, გარკვეულ შემთხვევებში, შედეგიანადაც",- წერს Echowaves-ის ფესტივალი თავის Facebook გვერდზე.

ანაკლიაში, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ფესტივალ Echowaves-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის 16 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ცნობით, პოლიციამ 13 პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ხოლო 3 ქურდობის ბრალდებით დააკავა.

კომენტარები