დიდი ბრიტანეთი

ელისაბედ II-მ ბორის ჯონსონს პარლამენტის მუშაობის შეჩერების უფლება მისცა

ბორის ჯონსონი ელიზაბედ მეორესთან

დედოფალმა ელისაბედ მეორემ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის თხოვნა პარლამენტის მუშაობის შეჩერების თაობაზე დააკმაყოფილა.

დედოფლის სიტყვა, რომლის შემდეგაც პარლამენტის ახალი სესია იწყება 14 ოქტომბერს ჩაინიშნა. დედოფალი ამ თარიღს დათანხმდა. შედეგად პარლამენტი მუშაობას 3 სექტემბერის ნაცვლად 14 ოქტომბერს განაახლებს. ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების საბოლოო თარიღად 31 ოქტომბერია განსაზღვრული, რაც კანონმდებლებს საკითხის განსახილველად მხოლოდ 2 კვირას უტოვებს.

ბორის ჯონსონმა უარყო მისი ოპონენტების ბრალდება, რომ პარლამენტის მუშაობის შეჩერების მიზეზი ბრექსითის გადადების დაბლოკვაა და თქვა, რომ მიუხედავად ამისა პარლამენტარებს ევროკავშირიდან გასვლის განსახილველად საკმარისი დრო ექნებათ. ოპოზიციის ლიდერებმა დედოფალთან შეხვედრა ითხოვეს. ექსპერტების აზრით ჯონსონის გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ მის მიმართ უნდობლობის გამოცხადების შანსებს ზრდის.

ბრიტანეთში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. "ძალიან რთული იქნება ჯერემი კორბინისთვის და ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიისათვის უნდობლობა გამოუცხადონ ახალ პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბრორისი ზუსტად ისაა, რაც ბრიტანეთს სჭირდებოდა და დაამტკიცებს, რომ დიდებული პიროვნებაა! მიყვარს გაერთიანებული სამეფო." დაწერა მან.

ბორის ჯონსონის თქმით, მისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო პროგრამას ეხებოდა - "ეს არის ზუსტად ის, რაც ვთქვი დაუნინგ სტრიტზე, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ შიდა დღის წესრიგს". მისი თქმით, პარლამენტმა უნდა იმუშაოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - დანაშაული, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ტექნოლოგიები, განათლების სისტემის გაუმჯობესება და ცხოვრების ხარჯების შემცირება.

როგორც წესი, პარლამენტის სესიები ერთ წელს გრძელდება, მაგრამ ამჟამინდელი სესია უკვე ორ წელზე მეტი, 2017 წლის ივნისის არჩევნების შემდეგ გრძელდება.

პარლამენტის შეჩერების დროს არ იმართება დებატები და პარლამენტარებს კანონპროექტისთვის ხმის მიცემა არ შეუძლიათ.

პარლამენტის შეჩერება არ ნიშნავს პარლამენტის დათხოვნას. პარლამენტის დათხოვნის დროს ახალი არჩევნები იმართება. 

პარლამენტარებმა  უნდა დაამტკიცონ შეჩერების თარიღები, თუმცა მათ შეჩერების დაბლოკვა არ შეუძლიათ.

ივლისში ბრიტანელმა კანონმდებლებმა 315 ხმით 274-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს შემოთავაზებას, რომელიც ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას და ამისთვის პარლამენტის უფლებამოსილების შეჩერებას გაართულებს, თუმცა სრულად არ ბლოკავს.

გასულ კვირას დიდი შვიდეულის სამიტზე პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა საფრანგეთში გამართულ დიდი შვიდეულის შეხვედრაზე თქვა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის შედეგებს მარტივად გაუმკლავდება. მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების გარეშე გასვლა ევროკავშირის ლიდერების სიჯიუტის ბრალი იქნება.მისი თქმით მზადება მიმდინარეობს როგორც ახალი შეთანხმების მიღწევაზე, ასევე, შეთანხმების გარეშე გასვლისათვის.

ჯონსონმა ევროკავშირს მიმართა და თქვა, რომ ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად შემუშავებული მექანიზმი, ე.წ. "ბექსტოპი" ბრექსითის შეთანხმებიდან უნდა გამოირიცხოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯონსონის თქმით, შეთანხმება ვერ შედგება და დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გავა.

"ბექსტოპის" მექანიზმით ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს "უფრო ღრმა" საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

"ბექსტოპის" საკითხი ტერეზა მეის შეთანხმების მთავარ წინააღმდეგობად იქცა, რის შედეგადაც პარლამენტმა მის მიერ შეთავაზებული გეგმა სამჯერ ჩააგდო და, საბოლოოდ, მეიმ პოსტი დატოვა.

კომენტარები