ჟაირ ბოლსონარო

ბოლსონარო: მაკრონმა შეურაცხმყოფელი სიტყვები უკან უნდა წაიღოს, შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ

ემანუელ მაკრონი / ჟაირ ბოლსონარო
Shutterstock

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნების მიერ გამოყოფილი დახმარება შეიძლება მიიღოს, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი უკან წაიღებს მისი მისამართით ნათქვამ "შეურაცხმყოფელ" განცხადებას:

"პირველ რიგში, მაკრონმა უკან უნდა წაიღოს ჩემს მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები. მან მე მატყუარა მიწოდა. როდესაც ამას გააკეთებს, შეგვიძლია ვილაპარაკოთ." თქვა მან.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაზილიის მთავრობა დიდი შვიდეულის ქვეყნების მიერ ამაზონის ჯუნგლებში ხანძართან საბრძოლველად გამოყოფილ 22 მილიონ აშშ დოლარზე უარს იტყვის. ოფიციალურ პირებს უარის მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ხანძრები კონტროლს ექვემდებარება.

ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს კაბინეტის უფროსმა, ონიქს ლორენცონიმ თქვა, რომ მადლობელი არიან, თუმცა ეს რესურსები ევროპის ტყეების აღდგენისათვის უნდა გამოიყენონ და რომ ბრაზილია ნებისმიერ ქვეყანას ასწავლის როგორ დაიცვას ტყეები.

"მაკრონმა ისიც ვერ შეძლო მოსალოდნელი ხანძარი აერიდებინა თავიდან ეკლესიაში, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია. ახლა მას სურს ჩვენ გვასწავლოს გაკვეთილები?" თქვა მან.

გუშინ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს კომენტარებს გამოეხმაურა. მაკრონმა ბოლსონაროს კომენტარს მისი ცოლისათვის უაღრესად შეურაცხმყოფელი უწოდა:

"სამწუხაროა, პირველ რიგში სამწუხაროა მისთვის და ბრაზილიელებისათვის. ბრაზილიელ ქალებს ალბათ რცხვენიათ მათი პრეზიდენტის. ვინაიდანაც ბრაზილიელებისადმი ღრმა პატივისცემა მაქვს, იმედი მაქვს, რომ მათ მალე ეყოლებათ თანამდებობისათვის შესაფერისი პრეზიდენტი." თქვა მან.

ბოლსონარომ Facebook პოსტზე, რომელიც მის 37 წლის მეუღლესა და მაკრონის ცოლს, ბრიჯიტს ერთმანეთს ადარებდა კომენტარად დაწერა "ნუ აყენებთ ამ კაცს შეურაცხყოფას, ჰაჰაჰა".

გასულ კვირას ბოლსონარომ ამაზონის ჯუნგლებში ხანძართად დაკავშირებით მაკრონის კომენტარები გააკრიტიკა.

მაკრონი ამაზონის ჯუნგლებში ხანძარს გამოეხმაურა და საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ეს საერთაშორისო კრიზისია და დიდი შვიდეულის სამიტის წევრებს მოუწოდა საკითხი განიხილონ.

"ჩვენი სახლი იწვის. პირდაპირი მნიშვნელობით. ამაზონის ჯუნგლები ჩვენი პლანეტის ფილტვებია, რომელიც ჩვენი ჟანგბადის 20%-ს გამოიმუშავებს და ახლა იწვის. ეს საერთაშორისო კრიზისია."

მაკრონის მოწოდებას ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო გამოეხმაურა. მან საფრანგეთის პრეზიდენტი სენსაციონალიზმში დაადანაშაულა და თქვა, რომ ის ხანძარს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს.

"დასანანია, რომ პრეზიდენტ მაკრონს სურს ბრაზილიის შიდა საკითხი პირადი პოლიტიკური მიზნების ინსტრუმენტად აქციოს. საფრანგეთის პრეზიდენტის შემოთავაზება, განიხილონ ამაზონის საკითხი დიდი შვიდეულის სამიტზე ამ რეგიონის ქვეყნების გარეშე კოლონიური აზროვნების გადმონაშთია ოცდამეერთე საუკუნეში." დაწერა მან ტვიტერზე.

დიდი შვიდეულის სამიტზე ლიდერები შეთანხმდენ რეგიონის ქვეყნებს ხანძართან ბრძოლაში ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებში დაეხმარონ და ამისათვის 22 მილიონი აშშ დოლარი გამოყვეს.

პარალელურად ბოლსონმარომ ხანძრის ჩასაქრობად სამხედრო ძალებიც მოიშველია. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თქმით მობილიზებულია 44,000 ჯარისკაცი. ცეცხლს სამხედრო თვითმფრინავებითაც ებრძვიან.

სამხედრო ძალების ჩარევის შესახებ განცხადების გაკეთებისას ბოლსონარომ თქვა, რომ ტყის ხანძრები ყველა ქვეყანაში ხდება და ეს საერთაშორისო სანქციების საფუძველი ვერ იქნება.

ბოლსონარომ საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ დახმარების მიღებას ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსგან დათანხმდა.

კომენტარები