ჟაირ ბოლსონარო

ბრაზილიის პრეზიდენტი ამბობს, რომ მაკრონთან კამათის შემდეგ ფრანგულ კალამს აღარ გამოიყენებს

ჟაირ ბოლსონარო
Reuters

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ თქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან კრიტიკული კომენტარების გაცვლის შემდეგ Bic-ის ბრენდის ფრანგულ საწერ კალმებს აღარ გამოიყენებს.

ბოლსონარო მსგავსი სტილის იაფფასიან კალმებს ხშირად იყენებდა ხელის მოწერის ოფიციალურ ცერემონებზე, რათა ხაზი გაესვა მისი მოკრძალებული სტილისათვის, თუმცა ახლა ამბობს, რომ ფრანგული ფირმის კალამს ბრაზილიურით ჩაანაცვლებს:

"Bic-ის ნაცვლად Compactor-ის კალამიც გააკეთებს საქმეს." თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ Bic-ის სათაო ოფისი საფრანგეთშია, კომპანია ბრაზილიაში გასაყიდ კალმებს ამაზონის რეგიონში აწარმოებს და ქალაქებში - მანაუსსა და რიო დე ჟანეიროში 1,000-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ამის შესახებ კომპანიის სპიკერმა AFP-სთან საუბარში თქვა.

შეგახსენებთ, რომ მაკრონსა და ბოლსონაროს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. 

გასულ კვირას ბოლსონარომ ამაზონის ჯუნგლებში ხანძართად დაკავშირებით მაკრონის კომენტარები გააკრიტიკა.

მაკრონი ამაზონის ჯუნგლებში ხანძარს გამოეხმაურა და საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ეს საერთაშორისო კრიზისია და დიდი შვიდეულის სამიტის წევრებს მოუწოდა საკითხი განიხილონ.

"ჩვენი სახლი იწვის. პირდაპირი მნიშვნელობით. ამაზონის ჯუნგლები ჩვენი პლანეტის ფილტვებია, რომელიც ჩვენი ჟანგბადის 20%-ს გამოიმუშავებს და ახლა იწვის. ეს საერთაშორისო კრიზისია."

მაკრონის მოწოდებას ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო გამოეხმაურა. მან საფრანგეთის პრეზიდენტი სენსაციონალიზმში დაადანაშაულა და თქვა, რომ ის ხანძარს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს.

"დასანანია, რომ პრეზიდენტ მაკრონს სურს ბრაზილიის შიდა საკითხი პირადი პოლიტიკური მიზნების ინსტრუმენტად აქციოს. საფრანგეთის პრეზიდენტის შემოთავაზება, განიხილონ ამაზონის საკითხი დიდი შვიდეულის სამიტზე ამ რეგიონის ქვეყნების გარეშე კოლონიური აზროვნების გადმონაშთია ოცდამეერთე საუკუნეში." დაწერა მან ტვიტერზე.

დიდი შვიდეულის სამიტზე ლიდერები შეთანხმდენ რეგიონის ქვეყნებს ხანძართან ბრძოლაში ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებში დაეხმარონ და ამისათვის 22 მილიონი აშშ დოლარი გამოყვეს. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილია ამ დახმარებაზე უარს იტყოდა, თუმცა საბოლოოდ მისმა სპიკერმა თქვა, რომ ბრაზილია ამაზონის ხანძართან საბრძოლველად გამოყოფილ საერთაშორისო დახმარებას მიიღებს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად გადაწყვეტს როგორ გამოიყენოს ეს თანხა.

სამიტის მიმდინარეობისას, 26 აგვისტოს კი ემანუელ მაკრონი ჟაირ ბოლსონაროს კომენტარებს გამოეხმაურა. მაკრონმა ბოლსონაროს კომენტარს მისი ცოლისათვის უაღრესად შეურაცხმყოფელი უწოდა:

"სამწუხაროა, პირველ რიგში სამწუხაროა მისთვის და ბრაზილიელებისათვის. ბრაზილიელ ქალებს ალბათ რცხვენიათ მათი პრეზიდენტის. ვინაიდანაც ბრაზილიელებისადმი ღრმა პატივისცემა მაქვს, იმედი მაქვს, რომ მათ მალე ეყოლებათ თანამდებობისათვის შესაფერისი პრეზიდენტი." თქვა მან.

ბოლსონარომ Facebook პოსტზე, რომელიც მის 37 წლის მეუღლესა და მაკრონის ცოლს, ბრიჯიტს ერთმანეთს ადარებდა კომენტარად დაწერა "ნუ აყენებთ ამ კაცს შეურაცხყოფას, ჰაჰაჰა".

კომენტარები