შოთა დიღმელაშვილი

ნინო წილოსანი აპირებს, "ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის" შოთა დიღმელაშვილს უჩივლოს

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი აპირებს "ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის" ანტისაოკუპაციო აქციების ერთერთ ორგანიზატორს შოთა დიღმელაშვილს უჩივლოს. ამას დიღმელაშვილი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე შეტევად აფასებს.

"ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგონ ცილისწამებისათვის. იმედი მაქვს, ეყოფა კეთილგონიერება და კონკრეტული ზომების მიღებამდე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და საჯაროდ ბოდიშს მოიხდის. ამ ნაბიჯს მხოლოდ ჩემი ინტერესების დასაცავად არ ვდგამ, ამ ქმედებით ყველა იმ მოქალაქეს ვცემ პატივს, ვინც მე ხმა მომცა და ნდობა გამომიცხადა" - წერს წილოსანი Facebook-ზე.

საქმე ეხება შოთა დიღმელაშვილის განცხადებას, რომ ნინო წილოსანი შპს სანოს "კრიშავს". აუდიტის სამსახურის მონაცემებით, შპს სანომ სახელმწიფოს მიერ ქუთაისელი უსახლკაროებისთვის გამოყოფილი ფულიდან დაახლოებით ორი მილიონი ლარით მეტი აიღო. შოთა დიღმელაშვილი აღნიშნავს, რომ შპს სანოს დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ჭანტურიძე პარლამენტარი ნინო წილოსანის მოქმედი პარტნიორია რამდენიმე კომპანიაში. 

"ჩანს, ქალბატონ დეპუტატს არ მოსწონს ფორმულირება, რომ "კრიშავს" შპს სანოს, რომლის დამფუძნებლის პარტნიორიც გახლავთ ქალბატონი დეპუტატი და რომელმაც სახელმწიფოს მიერ ქუთაისელი უსახლკაროებისთვის გამოყოფილი ფულიდან დაახლოებით ორი მილიონი ლარით მეტი აიღო, ვიდრე ეკუთვნოდა სამუშაოების დროულად ჩაუბარებლად. ეს ჩემი შეფასება არაა. ეს საქართველოს აუდიტის სამსახურის შეფასებაა, ხოლო ნინო წილოსანის კავშირი შპს სანოს ლევან ჭანტურიძის ბიზნესებთან რეესტრშიც ნათლად ჩანს.

აუდიტის ამბავი იყო შემდეგი: უსახლკაროთა თავშესაფრის ასაშენებლად ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან 4.3 მილიონი ლარი მოითხოვა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით თავშესაფრის რეალური ღირებულება 2.3 მილიონს შეადგენს.

მერიამ კონკურსის პროცესი წარმართა ისე, რომ მასში მონაწილეობა მიეღო მხოლოდ ერთ დაინტერესებულ პირს, შპს სანოს. შპს სანომ, რომელსაც საჭიროზე თითქმის ორჯერ დიდი თანხა გადაუხადეს ბიუჯეტიდან, სამუშაოების დასრულებაც ვერ უზრუნველყო.

შპს სანოს დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ჭანტურიძე პარლამენტარი ნინო წილოსანის მოქმედი პარტნიორია რამდენიმე კომპანიაში. იგივე ვრცელდება გიორგი არეშიძეზე, რომელიც ვაგონმშენებელი კომპანიის დირექტორია, რომლის მფლობელიც აგრეთვე ნინო წილოსანის მამაა, ბადრი წილოსანი. ვრცლად ეს კვლევა, წყაროებით და რეესტრის ამონაწერებით შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

დეპუტატი ნინო წილოსანისა და მისი გულშემატკივრების მუქარა არის შეტევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, რაც მიზნად ისახავს სამოქალაქო სექტორის გაჩუმებას, რათა მათ სახელმწიფო შესყიდვებში არსებული პრობლემებისა და შესაძლო საპარლამენტო ლობირების შესახებ ხმამაღლა არ ისაუბრონ. ვერ მოგართვით" - წერს დიღმელაშვილი.

კომენტარები