ე.წ. არჩევნები აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში

"არ ვაღიარებთ აფხაზეთის ე.წ. არჩევნებს, არ ვცნობთ მის შედეგებს" - 15 სახელმწიფოს განცხადება

რადიო თავისუფლება/ანაიდ გოგორიანი

ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთი - ჯამში 15 სახელმწიფო, ერთობლივი განცხადებით გმობს გუშინ, 25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

ევროპისა და ამერიკის თხუთმეტმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება პოლონეთის მხარის ინიციატივით გაავრცელა, რომლის თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.

განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღო თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

15 სახელმწიფოს განცხადებას გთავაზობთ სრულად:

"ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთი არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობენ მის შედეგებს. ანალოგიურად, ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2019 წლის 9 ივნისს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს.

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის  ეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა ამ რეგიონებში, ასევე უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება".

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდა. 

მოქმედ ე.წ პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას 9 კონკურენტი ჰყავდა. 

არსებული ინფორმაციით, სეპარატისტულ არჩევნებში 116 000 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. გახსნილი იყო 150 საარჩევნო უბანი. 

ოკუპირებული აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონთან ერთად, რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს, დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 25 აგვისტოს ე.წ არჩევნები იყო "მორიგი უკანონო ქმედება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული". 

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა მსოფლიოს სულ რამდენიმე ქვეყანას აქვს აღიარებული. ამ რეგიონებს, რომლებიც მთლიანობაში საქართველოს ტერიტორიის 20%-ს შეადგენენ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული მთავრობები მართავენ. 

კომენტარები