რუსული ოკუპაცია

საგარეო: ეუთოს თავმჯდომარე შეგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს ძალისხმევის კონსოლიდაციისთვის

დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებზე ეუთოს თავმჯდომარეს ტელეფონით ესაუბრა. 

ეს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტრის სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა უთხრა. 

მისი თქმით, ეუთო-ს თავმჯდომარემ ზალკალიანს პირობა მისცა, რომ გააკეთეს ყველაფერს შესაძლებლობის ფარგლებში, რათა საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციის პროცესი გაგრძელდეს. 

„საგარეო უწყება აქტიურ, ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური კონსოლიდაციისთვის. ცოტა ხნის წინ შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი ეუთო-ს თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან. საუბრის დროს მინისტრმა საქმის კურსში ჩააყენა სლოვაკი კოლეგა გუგუტიანთკართან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, ასევე ისაუბრა საქართველოს რვა მოქალაქეზე, რომლებიც გატაცებულები არიან და იმყოფებიან ცხინვალის იზოლატორში. მან ამომწურავი ინფორმაცია გააცნო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ. მინისტრმა სთხოვა სლოვაკ კოლეგას საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კიდევ უფრო გააქტიურება. მან კი თავის მხრივ აღუთქვა დახმარება საგარეო საქმეთა მინისტრს და პირობა მისცა, რომ ყველაფერ შესაძლებელს გააკეთებს, რათა გაგრძელდეს საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციის პროცესი", - თქვა კონსტანტინიდმა.

მისივე თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს როგორც სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

"აქტიურად ვმუშაობთ, რათა მოხდეს საერთაშორიშო თანამეგობრობის აქტიური, დროული და დეტალური ინფორმირება". 

სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები დღეს, 19 აგვისტოს კვლავ გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რკინის ბოძები სატვირთო მანქანებით მიიტანეს. 

მავთულხლართების გაბმის პროცესი 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. 

გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მათი გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოჯახის წევრებს ასევე არ აქვთ ინფორმაცია დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

დაკავებულების ახლობლების ვარაუდით, ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ისინი დაზუსტებული ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებენ, კვლავ შეუძლებელია დაკავებულებთან სატელეფონო კომუნიკაცია. 

კომენტარები