ბიძინა გეგიძის საქმე

გეგიძე: გამოძიება დაიწყო მაშინ, როცა საკმაოდ აქტიური ვიყავი და მქონდა კრიტიკული ხედვები

"გამოძიება დაიწყო 2018 წელს, ანუ მაშინ როცა ვიყავი საკმაოდ აქტიური და მქონდა კრიტიკული ხედვები," - უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. გეგიძემ დღეს ბრიფინგი გამართა და ასევე ხაზი გაუსვა, რომ გამოძიების დაწყება დაემთხვა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას, რომელიც მისი მეგობარია. 

"საკითხი ეხება ჩემს მანამდე საქმიანობას, სანამ დეპუტატი გავხდებოდი, წინა სამსახურს, ეს არის საქართველოს ფოსტა. იქ მე ვიყავი დირექტორის მოადგილე, აქედან გამომდინარე მე გამაჩნდა კონკრეტული პასუხისმგებლობები და კომპეტენციები და ვახორციელებდი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში საქმიანობას. როგორც გაირკვა, მე ეს არ ვიცოდი, გამოძიება, შესწავლა თუ მოკვლევა დაიწყო 2018 წლის ზაფხულში, ანუ მაშინ როცა საკმაოდ აქტიური ვიყავი და მქონდა ჩემი კრიტიკული ხედვები, პოზიციები არგუმენტები პოლიტიკურ პროცესებზე. პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერი კვირიკაშვილი, რომელიც ჩემი მეგობარია და ეს ყველასთვის ცნობილია და გამოძიება დაიწყო მისი გადადგომიდან მალევე. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ ცდილობს გამიჯნოს პოლიტიკა და სამართლებრივი მხარე, აქ არის პოლიტიკური ფაქტორი, იმიტომ, რომ მე ვარ პოლიტიკოსი და გამოძიება დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დროს, აქედან გამომდინარე ლოგიკურია ის, რომ ეს 2018 წლის ზაფხულში დაწყებული გამოძიების პროცესი უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას და ასევე სამართლებრივად მოიძებნა თემა ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობამდე და რა არის კონკრეტულად და რას უკავშირდება, როცა მივალ სუს-ში და ვნახავ მერე ვისაუბრებ," - ამბობს გეგიძე.

ჟურნალისტების კითხვაზე, მისი საქმიანობის მიმართ გამოძიების დაწყება შეიძლება თუ არა უკავშირდებოდეს ენმ-ის წევრს ნიკა მელიასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს,  ქართული ოცნების წევრი ამბობს, რომ გამოძიება ბევრად ადრე, 2018 წლის ზაფხულში დაიწყო.

ბიძნა გეგიძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიასთვის, იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირა. გეგიძე კენჭისყრაზე არ მივიდა, მოგვიანებით კი განმარტა, რომ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა მომგებიანი არავისთვის იყო. 

"გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღება სწრაფ რეჟიმში მოხდა. პარლამენტში პროცესის წარმართვა მოუმზადებლად მომეჩვენა, საკითხის სწრაფად გავლა მოხდა, რაც ორდინარული საკითხი არ არის, როცა დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზეა საუბარი" - თქვა მაშინ გეგიძემ. 

25 ივნისს კი თქვა, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ შს მინისტრ გიორგი გახარიას ადგილას რომ ყოფილიყო, გადადგებოდა, რადგან "შედეგი არის დასახიჩრებული ადამიანები, რომლებზეც პასუხისმგებლობა გახარიას ეკისრება". 

კომენტარები