ოკუპაცია

"ჩამოვედი, 4 დღე მქონდა აღებული" - გორის მერი შვებულებიდან დაბრუნდა

Facebook/ კონსტანტინე თავზარაშვილი

გორის მერი კოტე თავზარაშვილი შვებულებიდან დაბრუნდა და ახალუბანში ჩავიდა.

კოტე თავზარაშვილის თქმით, ის 7 აგვისტოს გუგუტიანთკარში იმყოფებოდა და შვებულებაში მას შემდეგ წავიდა, რაც სიტუაცია დაწყნარდა.

"ჩამოვედი, 4 დღე მქონდა აღებული. მანამდე, 7-ში როდესაც დაიწყებს ჩარჭობა მილების მაშინ ვიყავი იქ, შეხვდვი, საკრებულოს წევრიც იყო იქ, ჩვენი წარმომადგენელიც იყო. მათთან მქონდა ურთიერთობა, მეორე დღეს არაფერი აღარ ხდებოდა და მიწყნარდა ეგ საქმე, შეჩერდა. შემდეგ წავედი მე და როდესაც გავიგე ეს სიტუაცია იყო, დავბრუნდი. მე ყველანაირი ინფორმაცია მქონდა, ჩართული იყო ჩემი მოადგილე, ჩართული იყო წარმომადგენელი, ჩართული იყო საკრებულოს წევრი - იგივეს აკეთებდნენ, რაც მე უნდა გამეკეთებინა. ამიტომ, როდესაც ესეთი ამბავი მოხდა მე დავრბუნდი. გაკეთებით ვინ რას გააკეთებდა? თქვენ გააკეთებდით? ან ისინი ოპოზიციური პარტიები? ვერავინ ვერაფერს გააკეთებდა", - ამბობს რუსთავი 2-თან საუბრისას გორის მერი.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე თავზარაშვილი შვებულებას აჭარის რეგიონში, კერძოდ გონიოშო ატარებდა. 16 აგვისტოს მან შიდა ქართლის ადგილობრივ მედიასუთხრა, რომ გუგუტიანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავა. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოს კი მავთულხლართების მონტაჟი გაგრძელდა. 

საოკუპაციო ძალებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც, ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოჯახებს 3-დღიანი ვადა მისცეს.

კომენტარები