ქობულეთი

ქობულეთში, ზღვაში ძაღლის გადარჩენის დროს დაღუპულ კაცს ძეგლს დაუდგამენ

https://reginfo.ge

ქობულეთში ძეგლს დაუდგამენ კაცს, რომელიც 3 ბალიანი შტორმის დროს ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა და დაიღუპა. ამის შესახებ რეგინფო  წერს. 

51 წლის ავთანდილ ცხვედიანის ძეგლის დადგმის ინიციატივით პეტიცია შეიქმნა, რასაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია გამოეხმაურა და მხარდაჭერას დაჰპირდა. 

ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ რეგინფოს უთხრა, რომ ამ იდეის შესრულებას ბოლომდე მიჰყვებიან.

"არა მხოლოდ მივესალმებით, არამედ მზად ვართ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით ამ იდეის/სურვილის განხორციელებას. უკვე დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და ვცდილობთ კომუნიკაცია დავამყაროთ უშუალოდ, როგორც პეტიციის ინიციატორთან, ასევე ძეგლის/მემორიალის მოქანდაკესთან. ჩვენი სურვილია აღნიშნული იდეა მივიყვანოთ ბოლომდე. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასეთი ჰუმანური შემთხვევები არ რჩება დაუფასებელი"- ამბობენ ქობულეთის მერიაში. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 5 აგვისტოს მოხდა. 51 წლის კაცი ზღვაში ძაღლების გადასარჩენად შევიდა. თვითმხილველები ამბობენ რომ მან ზღვიდან ერთი ძაღლის გამოყვანა შეძლო. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები