მალარია

ბურუნდიში მალარიის ეპიდემიაა, 2019 წელს დაავადებით 1,800 ადამიანი დაიღუპა

AP

ბურუნდიში მალარიის ეპიდემიაა. მხოლოდ მიმდინარე წელს დაავადებამ 1,800 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაავადება უკვე ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს შეეხო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით იანვრიდან ივლისამდე პერიოდში ბურუნდიში მალარიით დაავადების 6 მილიონამდე შემთხვევა დაფიქსირდა. მოსალოდნელია, რომ ეპიდემიის მასშტაბები 2017 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს გადააჭარბებს, როდესაც მთელი წლის მანძილზე 6 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

მიუხედავად ამისა ბურუნდის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე უარს ამბობს. 2017 წელს საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც დაავადების 1.8 მილიონამდე შემთხვევა დაფიქსირდა და შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით დაავადებასთან ბრძოლის მთავრობის გეგმა ეფექტური არაა და ადამიანური და ფინანსურის რესურსები აკლია.

მეზობლად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის შედეგად მიმდინარე წელს 1,803 ადამიანი დაიღუპა. დაავადებულთა რიცხვი 2,500-ს აღემატება.

ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა რუანდის საზღვართან მდებარე ქალაქ გომაშიც. ამის გამო რუანდამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან საზღვარი დაკეტა.

კომენტარები