მალარია

კამერუნში მალარიის წინააღმდეგ მსოფლიოში პირველი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო

8 თვის დანიელა, მარჯვნივ, პირველი ბავშვია, რომელიც მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
AFP

კამერუნში მალარიის წინააღმდეგ მსოფლიოში პირველი რუტინული ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, რითაც მოსალოდნელია, რომ კონტინენტზე ათასობით ბავშვი მალარიისგან სიკვდილს გადაურჩება.

"ჩვენ არა მხოლოდ ვუყურებთ, არამედ აფრიკის ჯანდაცვის ისტორიის გარდამქმნელ თავში აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ". - ამბობს აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის უფროსი, ექიმი მოჰამედ აბდულაზიზი: "ჩვენ დიდი ხანია ასეთ დღეს ველოდით... ეს იმედის მოცემაზე ბევრად მეტია, ეს მალარიასთან დაკავშირებულ სიკვდილიანობასა და ავადმყოფობას შეამცირებს".

კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში პირველი სიმბოლური აცრა ჩვილ გოგოს სახელად დანიელას გაუკეთეს. მასობრივი აცრის პროგრამით, RTS,S ვაქცინის 662 000 დოზას კამერუნში მცხოვრები ბავშვები მიიღებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, აფრიკაში ყოველ წელს მალარიისგან 600 000 ადამიანი კვდება, რომელთა 80% ხუთ წლამდე ასაკის ბავშვია.

ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, კამერუნი ექვსი თვის ასაკამდე ჩვილებს RTS,S ვაქცინით უფასოდ უზრუნველყოს. ყოველ პაციენტს ვაქცინის ოთხი დოზა სჭირდება.

მანამდე, ვაქცინამ გამოსაცდელი ეტაპი კენიაში, განასა და მალავიში გაიარა, სადაც, გაეროს ბავშვთა ფონდის თქმით, ვაქცინამ მალარიისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 13%-ით შეამცირა.

ამერიკელი მკვლევრების თქმით, აცრა შემთხვევათა, სულ მცირე, 36%-ის დროს არის ეფექტური, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროგრამას ყოველი მესამე ადამიანის გადარჩენის პოტენციალი აქვს.

RTS,S-ის ვაქცინის კვლევისთვის ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანიას GSK-ს 30 წელი დასჭირდა. WHO-ს შეფასებით, კამერუნში ვაქცინაციის დაწყება მალარიასთან ბრძოლის მხრივ ისტორიული მომენტია.

იანვრის თვეში, კაბო-ვერდე სუბსაჰარულ აფრიკაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად მალარიისგან თავისუფალ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

კომენტარები