თავისუფლების მოედანს, რუსთაველის გამზირს და მიმდებარე ქუჩებს გაზმომარაგება 2 დღით შეუწყდება

Getty Images

თბილისი ენერჯის ცნობით, 9 აგვისტოს საღამოს 9 საათიდან გაზმომარაგება შეეზღუდება თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მოსახლეობას, მიმდინარე ქუჩებსა და იქ არსებულ კომერციულ ობიექტებს. კომპანიის განმარტებით, მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

"ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება მეორე დღიდან და სრულად აღდგება 11 აგვისტოს 20 საათამდე" - აცხადებს თბილისი ენერჯი და აღნიშნავს, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებაა.

"სწორედ ამიტომ კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ყოველწლიური დაგეგმილი ინვესტიციის უმეტესი წილი სწორედ გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას მოხმარდება. თბილისი ენერჯი აქტიურად თანამშრომლობს დედაქალაქის მერიასთან და მათ მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს. 

ერთ-ერთი ასეთი სამუშაოები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარეობს. 1962 წელს აშენებულ თბილისის მკვებავი საშუალო წნევის გაზსადენზე, რომელიც დედაქალაქის გაზმომარაგებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს წარმოადგენს, ძლიერ ამორტიზირებული და დაზიანებული იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად 1300 მეტრის სიგრძის გაზსადენი მთლიანად შეიცვლება ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის მილით. სამუშაოების შედეგად კი გაცილებით გაუმჯობესდება დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგება" - აცხადებს თბილისის ენერჯი და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ სამუშაოებს უკავშირდება გაზმომარაგების შეზღუდვა.

"კომპანია ენერჯი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებელია დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის" - აცხადებს კომპანია.

კომენტარები