პროკურატურა: ვატო წერეთელი დაკითხვაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით დავიბარეთ

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. უწყება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით" განმარტებას ავრცელებს.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში,  შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით "თიბისი ბანკისგან“ სესხის სახით მიიღეს 16 664 000  აშშ დოლარი. იმავე დღეს, აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.

გამოძიების ფარგლებში  მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, სწორედ ამ თანხის - „სამგორი თრეიდისა“ და  „სამგორი M”-დან მიღებული 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო  ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება გრძელდება და დაგეგმილია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოკითხვა" - აცხადებს უწყება.

შეგახსენებთ, რომ ვატო წერეთელი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილია, რომელიც თავის მხრივ, ერთერთი მთავარი ფიგურაა იმ ტრანზაქციებში, რაზეც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებს ედავება და რის გამოც საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 - 700 000 ლარი შეუფარდა. ეს ტრანზაქცია გახდა გაცხადებული მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მხრიდან მოთხოვნისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დაეტოვებინათ.

ამასთან, ავთანდილ წერეთელი და ტვ პირველი იმ წერილშიც ფიგურირებს, რომელზეც მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. წერილში, რომელიც ამჟამად ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, მამუკა ხაზარაძისგან ითხოვენ, რომ "უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან)", წინააღმდეგ შემთხვევაში წერილის ავტორი ადრესატს რეპუტაციის განადგურებით ემუქრება. 

27 ივლისს TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ თქვა, რომ საქმის მასალების მიხედვით, პროკურატურა რამდენიმე ადამიანს ფარულად უსმენდა, მათ შორის, ვატო წერეთელს. 

"ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟილაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის, თამარ ჩიხლაძის საუბრებს. ვითომ "ფულის გათეთრების" საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომელს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ,"- წერდა მაშინ ვატო წერეთელი. 

კომენტარები