ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

პროექტით, სხვა პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს

საქართველოს პარლამენტი

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტის მიხედვით, პარტიის წინასაარჩევნო რეკლამაში სხვა პოლიტიკური სუბიექტის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 

ამასთან, ცვლილებათა პროექტით, დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი სარეკლამო რგოლის მომზადება და მაუწყებელთა მიერ მათი განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. 

"საარჩევნო სუბიექტის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა საარჩევნო სუბიექტის რეკლამის ელემენტებს, მათ შორის, მის წარმომადგენელს, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას" - წერია პროექტში. 

იურისტები მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს სიტყვისა და გამოხატვის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯია. 

ISFED-ის ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის, შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებათა პროექტი არა რეფორმა, არამედ "დეფორმაა" და მისით არცერთი ძირეული პრობლემა არ იჭრება. ბენიძე მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების სულისკვეთება მთლიანობაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა. 

"უფრო მეტიც, საარჩევნო კოდექსის ცვლილებების სულისკვეთება მთლიანობაში არის ცენზურის დამკვიდრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა. კერძოდ: სიძულვილის ენის რეგულირების შემოტანით (თან ისე, რომ ტერმინი განმარტებულიც კი არ არის სადმე), პრაქტიკულად არსებითად იცვლება გამოხატვის თავისუფლების მოწესრიგება ქვეყანაში; ანტირეკლამის რეგულირებით ჩარევა ხდება საარჩევნო კამპანიის დროს საარჩევნო სუბიექტების გამოხატვის თავისუფლებაში; რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობის მაუწყებლებისთვის დაკისრებით პრაქტიკულად ხდება მედიის დამორჩილება,"- წერს ბენიძე. 

იურისტის შეფასებით, ცვლილებების ამ სახით მიღების შემთხვევაში საარჩევნო კოდექსს გამოხატვის თავისუფლებაზე, თანასწორ საარჩევნო გარემოზე და მედიის როლზე გამყინავი ეფექტი ექნება, რაც მისივე თქმით, ერთიანობაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს დემოკრატიასა და 2020 წლის არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას. 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობს კიდევ ერთი იურისტი, GDI-ის ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე. 

"საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილება, 25 პროცენტამდე შეზღუდონ პოლიტიკური ოპონენტის საწინააღმდეგო რეკლამა, რეალურად ნიშნავს ხელისუფლების კრიტიკის შეზღუდვას და პოზიტივზე ლაპარაკის კანონით დავალდებულებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ხელისუფლება ნელნელა გვაჩვეს, რომ ვილაპარაკოთ მხოლოდ კარგზე. ასეთი სიტყვის თავისუფლება ფასეული და დასაცავი,"- წერს მშვენიერაძე. 

საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციას 5 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, წარუდგინა. 

კიდევ რა ცვლილებების შეტანა იგეგმება საარჩევნო კოდექსში, ვრცლად წაიკითხეთ აქ

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მმართველმა გუნდმა რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქციის ფონზე 2020 წლის არჩევნებზე სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

ასევე წაიკითხეთ, რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და რით განხსვავდება ის დღევანდელი მოდელისგან. 

კომენტარები