ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

ცვლილებებით, 30%-იან დანამატს ის პარტია მიიღებს, რომელსაც სიის ყოველ სამეულში 1 ქალი ეყოლება

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, დღეს, 5 აგვისტოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.

სიაში ქალების ჩაწერის შემთხვევაში დანამატის გაცემა ძალაში რჩება, თუმცა იცვლება პრინციპი - თუ არსებულ კანონში სიის ყოველი ათი ადამიანიდან სამი ქალის შემთხვევაში იღებს პარტია 30%-იან დანამატს, ცვლილებების მიხედვით, ამ დანამატის მიღებისთვის საჭირო იქნება ყოველი სამი ადამიანიდან ერთი იყოს ქალი.

"პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, კვლავაც მიიღებს 30%-იან დანამატს, რაც საერთო დაფინანსებაში ძალიან სოლიდურ ბონუსს წარმოადგენს", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს არ უჭერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ორგანიზაციის თავმჯდომარე ტაბულასთან ამბობს, რომ სიაში ქალების ჩაწერა უნდა იყოს არა ფინანსური ვაჭრობის საგანი, არამედ პარტიების ვალდებულება, რაც იგივე გენდერული კვოტაა.

"ჩვენ საერთოდ მიგვაჩნია, რომ ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის, თუმცა გვესმის, რომ ამაზე არ წამოვლენ უმრავლესობა და სხვა პოლიტიკური პარტიები. ამიტომ საკანონმდებლო ორგანომ უნდა თქვას, რომ ვალდებულებაა თუნდაც ისე, როგორც შემოთავაზებულია - ყოველი მესამე. ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული ფულთან, ეს უნდა იყოს კავშირში ვალდებულებასთან, რომელიც განისაზღვრება კანონით. არანაირი წამახალისებელი საშუალება ეს არ უნდა იყოს პარტიებისთვის, რადგან შედეგად იწყება ვაჭრობა, პარტიების ნაწილი მიუდგება მას ფორმალურად და არ იქნება ის შედეგი, რისი მიღწევაც გვინდა. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა პრობლემაა ქვეყანაში და ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც ამას გააძლიერებს და წაახალისებს, მისაღებია, ოღონდ ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული ფულთან და ვაჭრობასთან", - ამბობს სულხან სალაძე.

მისი ინფორმაციით, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, სიაში ყოველი მესამე ქალის შემთხვევაში 30%-იანი დანამატი დაახლოებით 4 მილიონ 150 ათასი ლარი იქნება, რაც დიდი პარტიებისთვის მოტივატორი ვერც იქნება და პატარა პარტიების მცირე წარმომადგენლობა პარლამენტში იმ შედეგს არ იძლევა, რასაც ემსახურება გენდერული კვოტირება.

ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძის მიერ წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ცვლილებები შეეხება როგორც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ასევე, სხვა პარტიების დაფინანსებას, საეთერო დროსა და სხვა საკითხებსაც.

ქართული ოცნების მხრიდან ნახევრად პროპორციული სისტემიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას წინ უძღოდა გავრილოვის ღამე და მრავალათასიანი პროტესტი რუსთაველის გამზირზე, რომლის ერთერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ პროპორციული არჩევნები იყო. 

ასევე წაიკითხეთ, რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და რით განხსვავდება ის დღევანდელი მოდელისგან

კომენტარები