აშშ - რუსეთი

აშშ რუსეთს სკრიპალების მოწამვლის გამო ახალ სანქციებს უწესებს

დონალდ ტრამპი
BBC

ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რაც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლის შესახებ კანონდამრღვევი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. განკარგულება ეხება რუსეთს გასული წლის მარტში დიდ ბრიტანეთში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამლვაში მონაწილეობისთვის.

გასულ კვირას რესპუბლიკელებმა ელიოტ ენგელმა და მაიკ მაკკაულიმ ტრამპს წერილი მისწერეს და უთხრეს, რომ კანონით ვალდებული იყო სანქციების მეორე რაუნდი დაეწესებინა.

"დიდ ბრიტანეთში მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის სანქციების პირველი რაუნდის შემდეგ რუსეთმა არ უზრუნველყო აშშ-ის კანონით გათვალისწინებული გარანტიები, ამიტომ ჩვენ სანქციების ახალ რაუნდს ვაწესებთ," - თქვა თეთრი სახლის სპიკერმა ჰოგან გიდლიმ.

სანქციები კანონდამრღვევი ქვეყნისთვის "ამერიკის შეერთებული შტატების ბანკებს ნებისმიერ სახის სესხის ან კრედიტის გაცემას უკრძალავს... გარდა საკვებისა ან აგრარული პროდუქციის შეძენის მიზნით". აშშ ასევე ეწინააღმდეგება "საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ნებისმიერი სესხის ან ფინანსური, ტექნიკური დახმარების განხილვას".

განკარგულებაზე ხელის მოწერამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრი სახლისა და ასევე, კრემლის თქმით, მათ რუსეთის გაჩენილი ხანძრის საკითხი განიხილეს, თუმცა, უცნობია, საუბარი შეეხებოდა თუ არა ახალ სანქციებს. 

მოსკოვში აშშ-ის ნაბიჯი რუსეთსა და ამერიკას შორის "ურთიერთობის ნორმალიზების" გართულებად და საერთაშორისო ურთიერთობებში "მშვიდობაზე თავდასხმად" შეაფასეს.

თუ რუსეთი აშშ-ს გარანტიას არ მისცემს, რომ ქიმიურ იარაღს აღარ გამოიყენებს, სანქციები 90 დღის განმავლობაში ამოქმედდება. 

შეგახსენებთ, რომ სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მაისში, 2-თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს.

ივლისში უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი ასევე ნოვიჩოკით მოიწამლა. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

აშშ-ის სანქციების პირველი რაუნდი მოიცავს გაზის ტურბინიანი ძრავების, ინტეგრირებული მიკროსქემების და საავიაციო ელექტროტექნიკისთვის განკუთვნილი კალიბრაციის აღჭურვილობის ექსპორტს შეეხება და ძალაში გასული წლის აგვისტოდან შევიდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით სანქციები ასობით მილიონი დოლარის პროდუქციის ექსპორტს მოიცავს.

რუსეთი ორივე ფაქტთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს, თუმცა დანაშაულში მთავარი ეჭვმიტანილები GRU-ს აგენტები არიან.

კომენტარები