დღეს, 2 აგვისტოს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგიზე, ტაბულას მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად პრემიერმა ხუთი წუთი ისაუბრა, თუმცა მთავარ კითხვაზე იგეგმება თუ არა საბანკო რეგულაციების ან გაუქმება, ან გადახედვა პასუხი მაინც ვერ მივიღეთ.

პრემიერმინისტრისთვის დასმული კითხვა შემდეგნაირად იყო ფორმულირებულიი: საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან დღემდე, 40-50 პროცენტით შემცირდა განვადებების ბაზარი, მზარდი სამშენებლო სექტორი კლებისკენ წავიდა, უმუშევრი დარჩა 4 ათასი მოქალაქე, უძრავი ქონების ინდივიდუალურად იპოთეკაზე წვდომა მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ ვისი ხელფასიც 2400 ლარს აღემატება. ასეთი საქართველოში მხოლოდ 40 ათასი მოქალაქეა. დაზარალდა მცირე და საშუალო ბიზნესი. თქვენი გუნდის წევრები აღიარებენ, რომ საბანკო რეგულაციებმა პრობლემები შექმნა ეკონომიკაში. არ მოვიდა დრო, რომ გაუქმდეს რეგულაციები?

პასუხის გაცემა მამუკა ბახტაძემ იმ ფაქტის აღნიშვნით დაიწყო, რომ საბანკო რეგულაციებს თვითონ ვერც დაააწესებს და ვერც გააუქმებს და რომ აღნიშნული საერთო ეკონომიკური პოლიტიკის საკითხია. სამშენებლო სექტორზე საუბრისას ბახტაძემ თქვა, რომ პრობლემები სექტორში დროში არ ემთხვევა საბანკო რეგულაციების შემოღებას და ის გაცილებით ადრე დაიწყო. 

ამ შემთხვევაში, უცნობია საბანკო რეგულაციებამდე სამშენებლო სექტორში წარმოქმნილ რომელ პრობლემებზე საუბრობს პრემიერი. 2019 წლის პირველ იანვრამდე სექტორს არათუ პრობლემები არ ჰქონდა, არამედ 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ჯამური ბრუნვა იზრდებოდა. 

  • 2016 წელი — 6.863,2 მილიარდი ლარი;
  • 2017 წელი — 7.051,2 მილიარდი ლარი;
  • 2018 წელი — 7.236,3 მილიარდი ლარი.

ასევე, იზრდებოდა დარგის ჯამური გამოშვებაც:

  • 2016 წელი — 7,381,9 მილიარდი ლარი;
  • 2017 წელი — 7,611,0 მილიარდი ლარი;
  • 2018 წელი — 7,724,0 მილიარდი ლარი.

მოცემულ პერიოდში სამშენებლო სექტორში, ასევე, იზრდებოდა ხელფასების რაოდენობაც. TI-ის კვლევის მიხედვით 2014-2017 წლებში სამშენებლო სექტორი, საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი იყო, მოცემულ პერიოდში სექტორი ჯამურად 57 პროცენტით გაიზარდა.

შესაძლებელია ადრეულ პრობლემებში მამუკა ბახტაძე დარგში დასაქმებულთა რაოდენობის კლებას გულისხმობდა. მართლაც, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ნამდვილად შემცირდა:

  • 2016 წელი — 72,962
  • 2017 წელი — 73,154
  • 2018 წელი — 67,200

თუმცა, უფრო მეტად შემცირდა დარგში დასაქმებულთა რაოდენობა საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ. ამის დასტურია საქსტატის ოფიციალური მონაცემები, თუკი 2018 წელს (იმ წელს, როდესაც დარგის საშუალო დასაქმება ისედაც შემცირდა) 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს შევადარებთ, გამოვა რომ მშენებლობის სექტორი 2019 წელს 4 000 ადამიანით ნაკლებს ასაქმებს, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.

დასაწყისშივე პრემიერმა საქტსატის მიერ პირველ აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემებზე მიგვითითა, რომელიც სამშენებლო სექტორს ეხებოდა და გვითხრა, რომ იქ ნათლად არის ნაჩვენები თუ რა გაუმჯობესება გვაქვს სექტორში. 

ამ დოკუმენტის გაცნობისას ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც აღმოვაჩინეთ არის 1%-ით გაზრდილი სამშენებლო ნებართვების რაოდენობა. მიმდინარე წლის მეორე კვარტლის დეტალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

მშენებლობა და ბანკები

პრემიერმინისტრმა ასევე, განაცხადა, რომ სამშენებლო სექტორი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სექტორი ქვეყნისთვის და მას განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება. პრემიერმინისტრის შეფასებით, ამ მიმართულებით მთავრობის ნაბიჯები "იყო პოზიტიური და კარგი" და მიღებულმა ზომებზმა უკვე გამოიღო შედეგი.

ამ შემთხვევაში კიდევ უფრო გაუგებარია თუ რა პოზიტიური და კარგი შედეგები მოუტანა "განსაკუთრებით მნიშვნელოვან სექტორს" მთავრობის პოლიტიკამ. თუკი ამ თემაზე ჩატარებული კვლევებს ჩავხედავთ, ნათელი ხდება, რომ მიმდინარე წელს, ერთ დროს მზარდი, დინამიური სექტორი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად სტაგნაციის რეჟიმში გადავიდა.

ამასვე მოწმობს TBC RESEARCH-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში სექტორმა ზრდა შეწყვიტა. კერძო სახლებისა და ბინების გაყიდვები შემცირებულია როგორც თბილისში, ასევე, მთელი საქართველოს მაშტაბითაც:

გაყიდული ბინებისა და სახლების რაოდენობა კვარტლების მიხედვით თბილისში:

  • 2016 წლის პირველი კვარტალი — 4840; 
  • 2017 წლის პირველი კვარტალი — 5762;
  • 2018 წლის პირველი კვარტალი — 5937;
  • 2019 წლის პირველი კვარტალი — 5900.

ჯამში კლება 0,5 პროცენტია, რაც ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, თუმცა თუ მხედველობაში მივიღებთ იმას რომ წინა წლებში, ყოველწლიურად, ეს მაჩვენელი საშუალოდ 20 პროცენტით იზრდებოდა, ნათელი ხდება რა არის დანაკარგი. ოდნავ უფრო უარესი სურათია მთელი საქართველოს მაშტაბით.

გაყიდული ბინებისა და სახლების რაოდენობა კვარტლების მიხედვით საქართველოში:

  • 2016 წლის პირველი კვარტალი — 8,755;
  • 2017 წლის პირველი კვარტალი — 10,504;
  • 2018 წლის პირველი კვარტალი — 13,052;
  • 2019 წლის პირველი კვარტალი — 12,897.

ჯამში კლება 1,2 პროცენტია. 

იპოთეკა

ჩვენს მიერ დასმული კითხვის პასუხში, პრემიერმა თქვა, რომ მთავრობისთვის მნიშვნელოვანია იპოთეკური სესხები მოსახლეობისთვის იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა ხელმისაწვდომა მარტო სესხის გაცემას არ გულისხმობს და რომ მნიშვნელოვანია სესხის კომფორტული პირობები. ბახტაძემ, ასევე, თქვა, რომ იპოთეკური სესხის საშუალო პროცენტი ლარში მცირდება და შესაძლებელია ამ პროცენტის კიდევ უფრო დაწევა.

მართლაც, თუკი ბოლო პერიოდის დინამიკას შევხედავთ ლარში გაცემული იპოთეკური სესხების საშუალო პროცენტი მცირდება. თუკი 2018 წლის ივნისში მაჩვენებელი 13,4 პროცენტი იყო, 2019 წლის მარტში იგივე მაჩვენებელი 10,4 პროცენტია. საშუალო პროცენტი ლარში აღებულ იპოთეკაზე კიდევ უფრო შემცირდა მარტის შემდეგ, თუმცა ვის აქვს წვდომა გაიაფებულ იპოთეკაზე?

ამ დროისთვის, უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ფასებისა და ბანკებისთვის დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, ინდივიდუალური იპოთეკა და "გაიაფებული" სესხი ლარში ამ ქვეყნის მოსახლეობის კრიტიკული უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

საქმე იმაშია, რომ არსებული ფასებითა და საბანკო რეგულაციებით იპოთეკურ სესხის აღებას ბანკიდან მხოლოდ ის მოქალაქეები შეძლებენ, ვისი ხელფასიც 2 400 ლარს აღემატება, 2018 წლის ბოლოს კი ესეთი მოქალაქეების რიცხვი ამ ქვეყანაში სულ 42 000 იყო.

მოსახლეობისთვის რომ იპოთეკური სესხები ნაკლებად ხელმისაწვდომია, ამაზე უძრავ ქონების ჯამურ ოპერაციებში, იპოთეკური სესხების წილიც მეტყველებს . თუკი 2018 წლის პირველ კვარტალში გაყიდული უძრავი ქონების 40 პროცენტი იპოთეკაზე მოდიოდა, 2019 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 30 პროცენტზე ნაკლებია.

განვადება  და საცალო დაკრედიტება

ამ თემაზე საუბრისას ბახტაძემ თქვა, რომ საცალო დაკრედიტების სექტორში ძალიან ბევრი ადამიანი საქმიანობს და ბუნებრივია, მთავრობამ მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და გაყიდვების ტემპი. პრემიერმა, ასევე, განაცხადა, რომ მთავრობის პოზიცია არ არის ფიზიკურ პირებზე სესხების შემცირება, თუმცა მთავარი ამოცანა მცირე და საშუალო ბიზნესის სესხებზე ხელმისაწვდომობის ზრდაა.

როგორც სხვა შემთხვევაში, ამ ნათქვამშიც არის სიმართლის მარცვალი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბიზნეს სესხების რაოდენობა საერთო პორტფელში მართლაც გაიზარდა. ივნისის მონაცემებით, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხების წილი 17 და 18 პროცენტით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ შედარებით. 

თუმცა, თუკი საუბარი მცირე, 5 ათას ლარამდე სამომხმარებლო სესხებს ეხება, 2019 წლის მარტის მონაცემებით აქ მნიშვნელოვანი კლებაა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წელს მიკრო სესხების რაოდენობა 25,7 პროცენტით არის შემცირებული. 

იმას, რომ განვადების ბაზარი და შესაბამისად, სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია, ადასტურებს სფეროში მომუშავე ადამიანიების განცხადებებიც. 

სიღარიბე და საინვესტიციო კლიმატი

პასუხის ბოლოს პრემიერმა განაცხადა, რომ ეკონომიკის შეფასების მრავალი კრიტერიუმი არსებობს, თუმცა პირადად მისთვის ყველაზე მთავარი კრიტერიუმი სიღარიბის მაჩვენებელია და იმისთვის, რომ სიღარიბე დაიძლიოს, ქვეყანას უკეთესი საინვესტიციო გარემო უნდა ჰქონდეს. ბახტაძის თქმით, სიღარიბის დაძლევის გზაზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანამ გაიუმჯობესოს პოზიციები საერთაშორისო ინდექსებში და მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი. 

ამ კონტექსტში საინტესოა, როგორ შეაფასებდა პრემიერი თიბისი ბანკის საქმის გავლენას იმავე საინვესტიციო რეიტინგზე და კლიმატზე. წინა კვირაში, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას, ყველაზე წარმატებული ქართული კომპანიების ვარდნა მოყვა. ჯამურად ქართული კომპანიების ინვესტორების ზარალი გასულ კვირას 700 მილიონ ლარს აღემატებოდა. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ამ ყოველივეს, უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის, ანაკლიის პორტის გაურკვეველ მომავალთან ერთად, დადებითად არ უნდა ემოქმედა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე, თუმცა ამ კითხვის დასმის საშუალება არ მოგვეცა.

აქვე შეგახსნებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით, გასულ წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 600 მილიონი დოლარით შემცირდა. 

კომენტარები