უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მიგრიაული: თუ სტრასბურგი გირგვლიანის დარ გადაწყვეტილებას მიიღებს, მოსამართლეს უნდა შერცხვეს

პირველი არხი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველს, როინ მიგრიაულს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე მოსამართლის ღირსების შესახებ ჰკითხეს.

საბჭოს წევრი რევაზ ნადარაია: ზოგადად ევროპული სასამართლო რომ დარღვევას ადგენს არ არის კარგი, ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ დავუშვათ გახდით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, დაადგინა თქვენ მიერ გადაწყვეტილ საქმეზე დარღვევა და თქვენ გააგრძელეთ კარიერა, თქვენ უღირსი იქნებით?

მოსამართლეობის კანდიდატი როინ მიგრიაული: ყველა მოსამართლე თავის სინდისთან უნდა იყოს მართალი და თავისი პროფესიული ღირსება უნდა შეინარჩუნოს ბოლომდე ეს არის მთავარი. ჩვენ გადაწყვეტილება ისეთი უნდა მივიღოთ, რომ არ შეგვრცხვეს ამ გადაწყვეტილების, არ შეგვრცხვეს არა მხოლოდ იმ საზოგადოების მიმართ, რომელიც იმ მომენტშია, არამედ მომავალი თაობისთვისაც უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება. თუ ისეთი დარღვევა დადგინდა, რაც გირგვლიანის საქმეზე დადგინდა (ძალიან უხეში დარღვევები დადგინდა), აქედან გამომდინარე, იმ მოსამართლემ, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, თავის თავს უნდა შეხედოს. ღირსების ხარისხი არის, რამდენად შეურაცხყოფ პირადად შენ შენს ღირსებას, ამ პროფესიულ ღირსებას, იმ გადაწყვეტილებით, რომლითაც ფეხქვეშ გათელავ ადამიანის საყოველთაო უფლებებს, ფუნდამენტურ ღირებულებებს, საერთოდ არ მიაქცევ ყურადღებას ბუნებით სამართლებრივ უფლებებს, როგორ შეიძლება საუბარი იყოს პროფესიულ ღირსებაზე? ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასეთ მოსამართლეს უნდა შერცხვეს.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

როინ მიგრიაული არის ადვოკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. ამ სფეროში მუშაობს 1998 წლიდან.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

კომენტარები