სატრანსპორტო პოლიტიკა

კალაძე: უახლოეს მომავალში 110 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე გამოვაცხადებთ ტენდერს

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში ახალი ავტობუსების შესყიდვაზე გამოაცხადებენ ტენდერს. კალაძის ინფორმაციით, საუბარია გაზზე მომუშავე 12 მეტრიან ავტობუსებზე.

"უახლოეს დღეებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოაცხადებს ახალ ტენდერს ავტობუსების შესყიდვაზე, ეს იქნება ევრო 6 სტანდარტის, გაზზე მომუშავე 12 მეტრიანი ავტობუსები, 110 ერთეული. 110 ერთეულ ახალ ავტობუსზე ვაცხადებთ დამატებით შესყიდვას. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ გვინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად იყოს მოწესრიგებული და ეს ყვითელი ავტობუსები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, გამონაბოლქვის და კომფორტის თვალსაზრისით, რა თმა უნდა, უნდა იყოს ჩანაცვლებული და ჩვენი ქალაქის მოსახლეობა იმსახურებს ახალ, კომფორტულს და სწრაფ ავტობუსებს და ამას ჩვენ აუცილებლად მოვაწესრიგებთ. 90 MAN-ის ავტობუსი, რომელიც შესყიდული გვაქვს უკვე, ველოდებით დარჩენილ 50 ერთეულს, რომელზეც მოწოდების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეექმნა კომპანიას და გვეუბნებიან, რომ სექტემბრისთვის მთლიანად იქნება დასრულებული მოწოდება," - ამბობს კალაძე. 

თბილისის მერი ამბობს, რომ მერია მათ მიერ წარდგენილ სატრანსპორტო პოლიტიკას თანმიმდევრულად ასრულებს. 

"ერთი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც წარვადგინეთ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა და მინდა გთხოვოთ მიაქციოთ ყურადღება რამდენად თანმიმდევრულად ასრულებს თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკის თითოეულ პუნქტს, რომელშიც ასევე შედის პარკირების რეფორმა, ტაქსების რეფორმა, მეტროს სისტემის რეაბილიტაცია და რაც მთავარია ახალი ავტობუსები," - ამბობს კალაძე. 

კომენტარები