რუსული ოკუპაცია

GCAA: საქართველოს ნებართვის გარეშე სოხუმში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება

სოხუმი

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება. ავიაციის სააგენტო სოხუმის აეროპორტში რუსეთის მხრიდან სამუშაოების დაწყებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ფრენებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველომ, ისევე როგორც, ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა უნდა უზრუნველყოს ქართულმა მხარემ.

"იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე.

სოხუმის აეროპორტი საქართველომ 1993 წლიდან დაკეტა. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს. ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. მისი მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.

საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია აეროდრომის გამოყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ, მოქმედ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატს.

საქართველოს ტერიტორიაზე აეროდრომების სერტიფიცირებას, სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს საქართველოს ამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები