ქართული ბიზნესი

ბოლო ორ დღეში ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების ზარალი 660 მილიონ ლარს აღემატება

REUTERS

გუშინდელის მსგავსად, წარუმატებელი აღმოჩნდა დღევანდელი სავაჭრო დღე ლონდონის ბირჟაზე განთავსებული უკლებლივ ყველა ქართული კომპანიისთვის.

ოთხივე ქართული კომპანიის ჯამურმა დანაკარგმა დღის ბოლოს 54,4 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც ეროვნულ ვალუტაში, დაახლოებით, 200 მილიონი ლარია. ბოლო ორი დღის მანძილზე ქართული კომპანიების ჯამური დანაკარგი 182 მილიონი გირვანქა სტერლინგს გაუტოლდა. ზარალი დღევანდელი გაცვლითი კურსით 660 მილიონ ლარს აღემატება.

გუშინდელის მსგავსად, ყველაზე მეტად დღესაც თიბისი ბანკმა იზარალა. გახსნის მომენტისთვის თიბისის აქციების ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა, თუმცა დღის განმავლობაში ძირითადად მაინც გაუფასურებისკენ მიდიოდა. დღის დახურვის შემდეგ, კომპანიის ერთი აქციის ფასი 12,60 გირვანქა სტერლინგზე შენარჩუნდა. თიბისი ჯგუფის კაპიტალიზაცია 22,1 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა და 702,6 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

შედარებით უმნიშვნელოდ იზარალა საქართველოს ბანკმა. სავაჭრო დღის განმავლობაში 0,2 პროცენტით შემცირდა და საბოლოოდ ერთი აქციის ფასი 15,16 გირვანქა სტერლინგის ნიშნულზე შეჩერდა. საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 14,8 მილიონი გირვანქა სტერლინგით შენარჩუნდა და დღის ბოლოს 730,6 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

უფრო საგრძნობი იყო საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დანაკარგი. კომპანიის აქციები ბირჟაზე მცირე რაოდენობით არის განთავსებული შესაბამისად, ნომინალურ გამოსახვაში კომპანიის დანაკარგი უფრო მცირეა. სავაჭრო დღის განმავლობაში კომპანიის კაპიტალიზაცია 11,1 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა და საბოლოოდ 289,7 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

გუშინდელის მსგავსად, ყველაზე ცოტა იზარალა ქართული კაპიტალის ჯგუფმა, რომლის დანაკარგმაც 6,4 მილიონი გირვანქა შეადგინა. ეს მაჩვენებელი აღემატება კომპანიის გუშინდელ დანაკარგს, კომპანიის კაპიტალიზაცია 1,7 პროცენტით შემცირდა და 362 მილიონ გირვანქა სტერლინგს გაუტოლდა.

თიბისის გარდა, სხვა ქართული კომპანიების ზარალის მიზეზი, ხაზარიძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გარდა, შესაძლოა, სუსტი ლარიც იყოს. ვინაიდან, კომპანიები, ძირითადად, საქართველოში მუშაობენ და მოგებას ლარში იღებენ, გაუფასურების რეჟიმში მყოფი ლარი ნაკლებ გირვანქა სტერლინგს შეიძენს. ეს კი პესიმისტურ მოლოდინებს ქმნის. შეგახსნებეთ, რომ დღეს ლარმა ახალი ანტირეკორდი დაამყარა. ერთი დოლარის ღირებულებამ 2,919 ლარი შეადგინა, რაც ეროვნული ვალუტის ისტორიაში აბსოლიტური მინიმუმია. 20 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ ვალუტასთან მიმართებაშიც.

შესაძლო ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 4,5 პროცენტამდე შეამცირა ეროვნულ ბანკმაც.

 

კომენტარები