თიბისი ბანკის საქმე

დიდი ბრიტანეთის საელჩო TBC-ზე: კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პროცესები მიუკერძოებლად წარიმართოს

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში თიბისი ბანკის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პროცესები გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს

დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ საბანკო მოქმედებებს ეხება.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. ეს აუცილებელია ქართული საბანკო სექტორისთვის, ამ სფეროში მრავალმხრივი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს, 25 ივლისს თიბისი ბანკის საქმეზე განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც. 

"ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით," - წერია განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ისინი მხარს უჭერენ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა და გამოკითხვაზე დაიბარა.

-----

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

2019 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტია. ამასთან, ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა "თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტი, რაც მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევაა".

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მუქარის წერილი გაუქზავნა.

"არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება [გიორგი გახარია], რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევასრულეთ. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება,"- თქვა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის მოსმენაზე. 

9 ივლისს კი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.

კომენტარები