თიბისი ბანკის საქმე

ქართულმა კომპანიებმა ლონდონის ბირჟაზე 127 მილიონი გირვანქა სტერლინგი იზარალეს

Financial Times

დღევანდელი დღე წარუმატებელი აღმოჩნდა ლონდონის ბირჟაზე განთავსებული, უკლებლივ ყველა ქართული კომპანიისთვის. ბირჟაზე განთავსებული ოთხივე ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია ჯამურად 127,6 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 460 მილიონი ლარია.

ყველაზე მძიმე სავაჭრო დღე თიბისი ბანკისთვის აღმოჩნდა. მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების მომენტიდან კომპანიის აქციებზე ფასების ვარდნა დაიწყო. ფასების ვარდნა ზუსტად ემთხვევა გენერალური პროკურატურის განცხადებას. 

კომპანიამ დღეს 98,3 მილიონი გირვანქა სტერლინგი იზარალა, რაც ეროვნულ ვალუტაში, დაახლოებით, 350 მილიონია. სავაჭრო დღის გახსნიდან, პროკურატურის განცხადებამდე კომპანიის აქციებზე ფასი იზრდებოდა. ინფორმაციის გავრცელებიდან სავაჭრო დღის დახურვამდე, კომპანიის აქციებზე ფასი 12,7 პროცენტით შემცირდა. 15,06 სტერლინგიდან 13,14 სტერლინგამდე. კომპანიამ ჯამური კაპიტალიზაციის 11,9 პროცენტი დაკარგა.

სხვა ქართული კომპანიების ზარალის მიზეზი, ხაზარიძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გარდა, შესაძლოა, სუსტი ლარიც იყოს. ვინაიდან, კომპანიები, ძირითადად, საქართველოში მუშაობენ და მოგებას ლარში იღებენ, გაუფასურების რეჟიმში მყოფი ლარი ნაკლებ გირვანქა სტერლინგს შეიძენს. ეს კი პესიმისტურ მოლოდინებს ქმნის. შეგახსნებეთ დღეს ლარი კვლავ გაუფასურდა და მიუახლოვდა ისტორიულ მინიმუმს.

შესაძლო ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 4,5 პროცენტამდე შეამცირა ეროვნულ ბანკმაც

თიბისის შემდეგ ყველაზე მეტი, ადგილობრივ ბაზარზე, თიბისის მთავარმა კონკურენტმა საქართველოს ბანკმა იზარალა. დღეს საქართველოს ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 21,1 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა. 766,5 მილიონი გირვანქა სტერლინგიდან 745,5 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე. კომპანიამ კაპიტალიზაციის 2,7 პროცენტი დაკარგა.

7,2 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა საქართველო ჯანდაცვის ჯგუფის ზარალმა. ლონდონის ბირჟაზე ჯანდაცვის ჯგუფის შედარებით მცირე რაოდენობაა განთავსებული. კომპანიის კაპიტალიზაცია 2,3 პროცენტით შემცირდა.

0.2 პროცენტით და დაახლოებით, 1 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა BGEO ჯგუფის აქციებიც.

ამ წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც თიბისი ბანკის აქციები უფასურდება. პირველად კომპანიის აქციებზე ფასი იანვარ-თებერვალში დაეცა, როცა ეროვნულმა ბანკმა ბანკიდან ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადაყენება მოითხოვა. ხაზარაძის ცნობით, მაშინ თიბისის ინვესტორებმა, დაახლოებით, 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი იზარალეს.

კომენტარები