TBC ბანკის დამფუძნებლებმა პროკურატურა დატოვეს. მათ ბრალდების დადგენილება ჩაიბარეს. ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, "სამწუხაროდ, ეს არის მამუკას და ჩემ მიმართ პირადი დევნის გაგრძელება, ეს აყენებს უზარმაზარ ზიანს ქვეყანას და რა თქმა უნდა, ზიანს აყენებს იმ პროექტებს, რომლებშიც ჩვენ ვართ".
ბადრი ჯაფარიძის თქმით, მამუკა ხაზარაძესთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პრობლემა არ შეექმნას არც ერთ მათ პროექტს.
"ჩვენ ახლა განვიხილავთ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის იმისთვის, რომ ბანკის აქციონერები იყვნენ მშვიდად, რომ ბანკს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ნამდვბილად არ ემუქრება.
სამწუხაროდ, ყოველი ასეთი ბრიფინგი იწვევს აფორიაქებას მთელ საინვესტიციო სამყაროში, ჩვენ შევეცდებით, დავამშვიდოთ საინვესტიციო სამყარო, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება არც ერთ ინსტიტუტს, სადაც ჩვენ ვართ აქციონირები. ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც უზრუნველყოფს ამ ინსტიტუტების და ამ პროექტების შეუფერხებელ ფუნციონირებას და განვითარებას" - თქვა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ, რომელიც მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას ეხებოდა, თიბისი ბანკის აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე 10 პროცენტით შემცირდა. ბანკის ზარალი ჯერჯერობით, 79 მილიონი გირვანქა სტერლინგია. მოსალოდნელია გაგრძელდეს ფასის ვარდნა და გაიზარდოს ჯამური ზარალიც. ბოლო განახლებით, ბანკის ერთ აქციაზე ფასი დღეს 1.6 გირვანქა სტერლინგით შემცირდა.
პროკურატურამ TBC ბანკის დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი დღეს წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. პროკურატურა ჯერ არ ამბობს, თუ რა სახის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს უწყება.
2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა.
2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.
4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ კი მას და ბადრი ჯაფარიძეს მუქარის წერილი გაუგზავნა.
"არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება [გიორგი გახარია], რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევასრულეთ. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება,"- თქვა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის მოსმენაზე.
ამასთან, რამდენიმე კვირის წინ კი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.
Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში ხაზარაძე წერს, რომ "ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს და სახეზეა საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე წყალგამყოფი იყო, როდესაც ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ხაზარაძის თქმით, ეს პროტესტი უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა."





