ხაზარაძე: ეს ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პორტის გასაჩერებლად

TBC ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში მივიდნენ. მათ ბრალდების დადგენილება უნდა გადასცენ. TBC ბანკის დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან.

მამუკა ხაზარაძემ დაკითხვაზე შესვლამდე თქვა, რომ "სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს მოძრაობას ჩვენ წინააღმდეგ". მან აღნიშნა, რომ "ეს ყველაფერი არის მიმართული ანაკლიის პორტის გასაჩერებლად".

"ანალოგიური შემოტევა იყო იანვარში. 6 თვის განმავლობაში ამ შემოტევამ მოგვაყენა სერიოზული ზიანი, როგორც ბანკის საერთაშორისო აქციონერებს, ისე ანაკლიის პროექტის მოლაპარაკებას. 6 თვე დასჭირდა ამ პროცესის დასტაბილურებას, ინვესტორების უკან შემოტრიალებას, ჩვენს ხელახლა არჩევას ლონდონში აქციონერთა კრებაზე... გუშინ ავირჩიეთ სამშენებლო კომპანია, რასაც საეჭვოდ დაემთხვა მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არ არის. დღეს ვიღებთ პროკურატურის განცხადებას ისევ ტელევიზიით, ისევ მსოფლიოს გასაგონად, ისევ იმიტომ, რომ ზიანი მიაყენონ მამუკა ხაზარაძეს კი არა, საქართველოს ფინანსურ ინტერესებს, აქციონერებს და ანაკლიის პროექტს. თუ ვინმეს ანაკლიის პროექტი მამუკა ხაზარაძის პროექტი ჰგონია, ძალიან ცდება. ეს არის ჩვენი შვილების, შვილიშვილების პროქტი, ეს არის საქართველოს აბსოლუტურად ახალი გზა, გარღვევა როგორც ეკონომიკურად, ისე ორიენტაციის თვალსაზრისით, ეს არის ევროპისკენ გადადგმული საკმაოდ მძლავრი ნაბიჯი, ამის წინააღმდეგ მიდის ყველაფერი" - თქვა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ დაკითხვაზე იმდენჯერ მივა, რამდენჯერაც დაიბარებენ.

"მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი, არავის არ ეგონის, რომ რამე გამაჩერებს, ვართ მართლები, როგორც 12 წლის წინანდელ საქმეში, ისე გუშინწინდელ საქმეში და ყველა ამ პერიოდის განმავლობაში. ასე რომ დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ, ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას, იმიტომ, რომ საქართველო არის ჩვენი და ეს ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი, ევროპული ორიენტაციის" - ამბობს ხაზარაძე.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა დაკავებას, TBC ბანკის დამფუძნებელი პასუხობს, რომ არაფერს გამორიცხავს.

"მითუმეტეს იმ ქაოსში რომელიც ქვეყანაშია, ქაოსში, რომელიც არ არის ორიენტირებული მშენებლობაზე, არ არის ორიენტირებული ხვალინდელ დღეზე და არის ერთმანეთის ჩაძირვაზე, ჭორაობაზე და მსგავს რაღაცებზე აწყობილი პოლიტიკა. მე არაფერს გამოვრიცხავ, მზად ვარ ყველაფერისთვის, ვერავინ ვერავის შეაშინებს, ამ ქალაქში გავიზარდე და ძალიან ბევრი რამე მინახავს.

გამოძიებას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია, რამდენიმე ორგანიზაციამ ჩაატარა ამის გამოკვლევა. რაც დღეს გააჟღერეს, აბსოლუტური აბსურდია და ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ვართ" - თქვა ხაზარაძემ.

პროკურატურამ TBC ბანკის დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი დღეს წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. პროკურატურა ჯერ არ ამბობს, თუ რა სახის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს უწყება. 

2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ კი მას და ბადრი ჯაფარიძეს მუქარის წერილი გაუგზავნა. 

"არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება [გიორგი გახარია], რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევასრულეთ. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება,"- თქვა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის მოსმენაზე. 

ამასთან, რამდენიმე კვირის წინ კი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს. 

Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში ხაზარაძე წერს, რომ "ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს და სახეზეა საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე წყალგამყოფი იყო, როდესაც ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ხაზარაძის თქმით, ეს პროტესტი უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა." 

კომენტარები