ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს კვლავ 6.5%-ზე ტოვებს

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი ივლისშიც არ შეიცვლება და 6.5%-ზე დარჩება.

"მიუხედავად იმისა, რომ საგარეო შოკის ფონზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა ინფლაციაზე გაზრდილია, საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნულ წნეხს აბალანსებს შესუსტებული ერთობლივი მოთხოვნა, რომელიც პოტენციურ დონეს კვლავ ჩამორჩება. გარდა ამისა, დღეს არსებული ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, სავარაუდოდ, უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ამას მიმდინარე საგარეო შოკის ზომა მიუთითებს. შესაბამისად, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის შესაძლო გამყარება ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. ამგვარად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად დატოვება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა გაგრძელდა, კომიტეტი განიხილავს პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობას," - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ინფლაციის ამჟამინდელი მაჩვენებელი, რომელიც 1.3%-ით აღემატება სამიზნე 3%-ს, დროებითია:

"ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4.3 პროცენტი შეადგინა. ამ მაჩვენებელში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი 1.3 პროცენტული პუნქტია და ამ ფაქტორს ინფლაციაზე მხოლოდ დროებითი გავლენა აქვს. აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს, 1.4 პროცენტია, რაც ასევე მიუთითებს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა დროებითია."

მონატერული პოლიტიკის კომიტეტი მომდევნო სხდომას 4 სექტემბერს გამართავს.

კომენტარები