თიბისი ბანკის საქმე

თალაკვაძე: TBC ბანკის საქმე ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლაზე გაცილებით ადრე იყო ინიცირებული

https://www.facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/

​საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პროკურატურაში გამართული ბრიფინგის მოსმენის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რადგან ღონისძიებაზე იმყოფებოდა. თუმცა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეს პარლამენტი ყურადღებით მიადევნებს მხარს, რათა მხარეების უფლებები იყოს დაცული და საზოგადოება ინფორმირებული იყოს.

ჟურნალისტების კითხვას, უკავშირდება თუ არა თიბისი ბანკის საქმეზე პროკურატურის გააქტიურება მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლას, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ საქმე მანამდე იყო ინიცირებული.

"შესაძლოა, მან დააანონსა გარკვეული პოლიტიკური გეგმები ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს საქმე ინიცირებული არის გაცილებით ადრე. უკვე თვეების განმავლობაში ჩვენ ვადევნებთ თვალს დისკუსიას, საჯარო განხილვებს ამ თემაზე, შესაბამისად, ეს დროში წინ უსწრებდა ნამდვილად პოლიტიკური გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავარია საქმე ამოიწუროს და საქმეში არსებულ კითხვებს პასუხები გაეცეს, ამიტომ, მიესალმება პროკურატურის მხრიდან საჯაროობას.

ჟურნალისტებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე ჰკითხეს, ხომ არ შეექმნება პრობლემა ანაკლიის პორტის პროექტს, თუ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს დააკავებენ და შეუქმნის თუ არა მიმდინარე გამოძიება პრობლემას ფინანსების მოძიების კუთხით. არჩილ თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო შეასრულებს ვალდებულებებს პროექტთან დაკავშირებით, რათა ის "წარმატებით განხორციელდეს".

"ანაკლიის პორტი არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს, საერთაშორისო ინვესტორებს შორის თანამშრომლობას ეფუძნება. სწორედ ეს არის მისი განხორციელების მთავარი პირობები და გარანტიები. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ინვესტორებთან და კერძო სექტორთან ერთად ეს პროექტი წარმატები განხორციელდეს. რაც შეეხება მართლმსაჯულების ნაწილს, მართლმსაჯულებას აქვს თავისი ლოგიკა, რომელიც გაწერილია კანონში და მიმაჩნია, რომ როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ბატონი ხაზარაძისთვის და ბატონი ჯაფარიძისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გონივრულ ვადებში ამოიწუროს" - ამბობს თალაკვაძე.

დღეს, 24 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა და გამოკითხვაზე დაიბარა. ამასთან, უწყება სასამართლოს მიმართავს შუადმგომლობით აღკვეთის ღონისძების შეფარდების თაობაზე. თუმცა, პროკურატურაში არ ამბობენ რა სახის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვენ.

-----

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

2019 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტია. ამასთან, ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა "თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტი, რაც მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევაა".

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მუქარის წერილი გაუქზავნა.

"არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება [გიორგი გახარია], რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევასრულეთ. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება,"- თქვა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის მოსმენაზე. 

9 ივლისს კი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.

კომენტარები