ხაზარაძის და ჯაფარიძის ბრალი

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრალის წარსადგენად დღეს პროკურატურაში არიან დაბარებული

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე
ტაბულა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ დღეს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. პროკურატურის ინფორმაციითვე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულები არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით. 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია 2018 წლის 2 აგვისტოს  საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება. გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილი ა და მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით," - თქვეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე. 

საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის ბრალის წარდგენის შესახებ სასამართლოს მიმართავს შუადმგომლობით აღკვეთის ღონისძების შეფარდების თაობაზე. პროკურატურაში არ ამბობს, თუ რა სახის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს უწყება. 

2019 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტია. ეროვნული ბანკი წერდა, რომ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა "თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტი, რაც მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევაა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ კი მას და ბადრი ჯაფარიძეს მუქარის წერილი გაუგზავნა. 

"არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება [გიორგი გახარია], რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევასრულეთ. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება,"- თქვა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის მოსმენაზე. 

რამდენიმე კვირის წინ კი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს. 

Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში ხაზარაძე წერს, რომ "ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს და სახეზეა საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე წყალგამყოფი იყო, როდესაც ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ხაზარაძის თქმით, ეს პროტესტი უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა." 

კომენტარები