რუსთავი ორის საქმე

სალია რუსთავი 2-ზე: არანაირი საფუძველი, რომ გადაწყვეტილება არ აღსრულებულიყო, არ არსებობდა

„არანაირი საფუძველი, რომ გადაწყვეტილება არ აღსრულებულიყო არ არსებობდა, ეს არის ცალსახა და ამასთან დაკავშირებით ინტერპრეტაციების ადგილი არ არის დარჩენილი,“ - რუსთავი ორის ახალი დირექტორი პაატა სალია დღეს გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო არ არის.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ტელეკომპანიის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია ჩამოვიდა, სადაც წერია, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ის ძალაში მაშინ შევა, თუ 19 ოქტომბრამდე მხარე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებს.

სალია ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები სპეკულაციებია და გადაწყვეტილების აღსრულებისას არანაირი სამართლებრივი ნორმა არ დარღვეულა. 

„დღეს სოციალური მედიის საშულებით და ტელევიზიებითაც გაკეთდა სხვადასხვა განცხადება, რომელიც ეჭვქევშ აყენებს თითქოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმურობას. ამასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ გარკვეულს სპეკულაციებს, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. 

"პირველ რიგში შეგახსენებთ ყველას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის სარჩელი და სამაუწყებლო კომპანიის იმდროინდელი რეგისტრირებული მესაკუთრებიის ყარამანიშვილების, ტელეკომპანია საქართველოს სარჩელები არ დაკმაყოფილდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია და დღევანდელი განმარტებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ რუსთავი ორის სარჩელი, რომელთან დაკავშირებითაც იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, შეგახსენებთ, რომ ეს უზრუნველყყოფის ღონისძიება გამოყენებული იქნა იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რის თაობაზეც ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ თავის დროზე და ეს საფრთხე იყო, რომ თითქოს შეიძლებოდა დახურულიყო არხი, ან შეზღუდულუყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. სასამართლო გადაწყვეტილებით გამოირიცხა ამგავრი საფრთხის არსებობა. განიხილა რა რუსთავი ორის სარჩელის დასაშვევობა სასამართლომ, მიიჩნია, რომ ეს სარჩელი არ არის დასაშვები, სასამართლომ ასევე გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ უნდა გაუქმდეს ის დროებითი ღონისძიება, რომელიც იყო ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება საქართველოში სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასარეგისტრირებლად და ქიბარ ხალვაშის მესაკუთრედ აღრიცხვასთან დაკავშირებით," - ამბობს სალია. 

სალიამ დღეს იმ წერილზეც ისაუბრა, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა, სადაც საუბარია დროებითი ღონისძიების გაუქმებაზე. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და უკვე რუსთავი ორის დირექტორი პაატა სალია ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშის და მისი წარმომადგენლების მოქმედება, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იუსტიციის სახლში წარედგინათ, იყო აბსოლუტურად სწორი და კანონიერი. 

"კიდევ ერთი საკითხი არის გასაჩივრების საკითხი. დასაშვებობის თაობაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არ საჩივრდება და შესაბამისად, ის მაშინათვე შედის ძალაში. ასევე სპეკულაციების ის განცხადებები, რაც გულისმობს, რომ სამი თვის ვადაში არ შეეძლო იუსტიციის სამინისტროს დაერეგისტრირებინა ეს გადაწყვეტილება. ვინაიდან გამოირიცხა ის, რომ არსებობდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე, ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღარც შევიდა მსჯელობაში, იმიტომ რომ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს უფლება, არ არსებობდა საქმის არსებითად განხილვის საფუძველი. სასამართლომ მიიჩნია რა, რომ არ არსებობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე, ეს დავა მიიჩნია კერძო სუბიექტებს შორის დავად და ამასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტებები, ამ ნაწილშიც მიიღო გადაწყვეტილება," - ამბობს სალია. 

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.

საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ასევე, იმავე დღეს ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები