უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

თადუმაძე: არ ვიცი ლგბტქ ადამიანების პრობლემები, 1 წელია, ტელევიზორისთვის არ მიყურებია

იმედი

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნის მსურველი, მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე ამბობს, რომ მან არ იცის, რა პრობლემები აქვთ ლგბტქ ადამიანებს, ვინაიდან უკვე 1 წელია, ტელევიზორისთვის არ უყურებია. 

ლგბტქ ადამიანებზე კითხვა მას ნაზი ჯანეზაშვილმა დაუსვა: 

"მაინტერესებს, რას ფიქრობთ ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებით? ზოგადად რა დამოკიდებულება გაქვთ და რა პრობლემებს ხვდებიან ისინი საქართველოში სამართლებრივი თვალსაზრისით და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ლგბტ ადამიანების უფლებების რეალიზება მოხდეს ცხოვრებაში?"

შალვა თადუმაძე:

"ვაღიარებ ყველა ადამიანის თანასწორობას. ყველა ადამიანს, მიუხედავად თავისი განმასხვავებელი ნიშნებისა, ერთნაირი უფლებები გააჩნია ქვეყანაშიც და სამყაროშიც. არ ვიცი რა პრობლემატიკა აქვთ, მართალი გითხრათ. გულწრფელად რომ გითხრათ, ერთი წელია ტელევიზორისთვის არ მიყურებია, შესაბამისად, ის დეტალები არ ვიცი, რა პრობლემატიკის წინაშეა. თუმცა არ გავიპრანჭები და არ ვიტყვი, რომ არ ვმონაწილეობდი და პირადად ვიყავი ანტიდისკრიმინაციული კანონის გამტანი საქართველოს პარლამენტში".

შალვა თადუმაძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დილის 10 საათიდან უსმენს. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. 

22 ივლისს საბჭომ გამოკითხა თადუმაძის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე, რომელსაც ასევე სურს უზენაეს სასამართლოს უვადო მოსამართლეობა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 10 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს. 

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ. 

კომენტარები