SHARA - Georgia on Track

SHARA - Georgia on Track - საქართველოს ტურისტული ადგილების პოპულარიზაციისთვის პროექტი შექმნეს

SHARA - Georgia on Track

SHARA - Georgia on Track საქართველოს, მისი ისტორიისა და ტუსიტული ადგილების პოპულარიზაციისათვის შექმნილი პროექტია.

როლიკო ბაღათურია, დიმიტრი ობოლაძე და სტანისლავ მაჰულა ამ პროექტის ავტორები არიან. ისინი თავიანთ მოგზაურობას სპეციალურად პროექტისათვის შექმნილი დიზაინის მქონე ავტომობილით მიუნსტერიდან დაიწყებენ და 7 ქვეყნის გავლით საქართველოში დაასრულებენ.

გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, უნგრეთი, სერბეთი, ბულგარეთი და თურქეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომელსაც SHARA - Georgia on Track 1 კვირის მანძილზე შემოივლის და დაინტერესებულ ადამიანებს საქართველოს შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციას მიაწვდის.


ფოტო: SHARA - Georgia on Track

"პროექტის სამიზნე ჯგუფი განსხვავებული და უნიკალური თავგადასავლების მაძიებელი ადამიანებია. ავტორების აზრით, საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომლისგანაც ყველა გემოვნების ადამიანს დაუვიწყარი მოგონებები დარჩება. მრავალფეროვანი ბუნება, გამორჩეული სამზარეულო, ღვინის უნიკალური სახეობები, კულტურული მრავალფეროვნება, მთისა და ბარის იდეალური ნაზავი, თავისუფალი საქართველოს ღამის ცხოვრება - ეს იმ სანახაობათა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საქართველო თითოეულ სტუმარს სთავაზობს. აქ სტუმრებს განსაკუთრებულად ეპყრობიან, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. კამპანიის მონაწილეები ქალაქებში ორენოვან საინფორმაციო ბროშურებს დაარიგებენ. SHARA - Georgia on Track ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდების საშუალებით დაანონსებს გაჩერებებს თითოეულ ქვეყანაში,"- ამბობენ ორგანიზატორები. 

ასევე, პროექტის სოციალური გვერდების მეშვეობით, დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ მოგზაურობისათვის თვალის დევნება, საქართველოს შესახებ საინტერესო ფაქტების გაცნობა და სურვილის შემთხვევაში, პროექტის ავტორებთან შეხვედრა რომელიმე ქალაქში, სადაც ისინი უფრო დეტალურად გაეცნობიან საქართველოს.

SHARA - Georgia on Track სამი მეგობრის მოხალისეობრივი პროექტია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია კამპანიის მხარდასაჭერად საკუთარი წვლილის შეტანა.

კომენტარები