20 ივნისის აქციის საქმეზე დღეს გრიგოლ ვაშაძეს მოწმის სტატუსით დაკითხავენ

ტაბულა

დღეს, 11:00-ზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გრიგოლ ვაშაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით დაკითხავენ. ვაშაძე 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს გასცემს პასუხს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, გრიგოლ ვაშაძე სამინისტროში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, რაზეც მან უარი განაცხადა. ვაშაძის გადაწყვეტილებით, 20-21 ივნისს მოვლენებზე ინფორმაციას გამომძიებლებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიაწვდის.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისათვის აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება, მოწმეებისა და თვითმხილველების გამოკითხვა“, - აცხადებს შსს.

20 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 სამოლაქო პირი, მათ შორის, ორმა თვალი დაკარგა. ასევე, კლინიკებში გადაიყვანეს 80 სამართალდამცველი. მას შემდეგ, პარლამენტთან ათასობით ადამიანი შს მინისტრის გადადგომას ითხოვს. თუმცა, გიორგი გახარია ამბობს, რომ  წასვლას არ აპირებს და გამოძიებას დაელოდება.

"გავრილოვის ღამესთან" დაკავშირებით, გამოძიება ორი კუთხით დაიწყო - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და სახელმწიფო ამბოხის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში აქციის 11 მონაწილე დააკავეს, ასევე, ბრალი წარუდგინეს ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას და გამოკითხვაზე დაიბარეს ოპოზიციის ლიდერები. ხოლო მეორე საქმე ცალკეული პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ეხება - დაკავებულია ორი სამართალდამცველი.

კომენტარები