ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი ჟურნალისტებს: "სად გაიზარდე", "თუ გაჩუმდები, შეიძლება დაგასმევინო კითხვა"

პირველი არხი

"კოლეგას მაინც ეცი პატივი შვილო, სად გაიზარდე" - ასე მიმართა ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი ინტერვიუს დროს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს, რომელსაც კითხვის დასმა სურდა.

ივანიშვილი რუსული ბაზრის მნიშვნელობაზე საუბრობდა, როცა ჟურნალისტი დამატებით ჩაეკითხა, რის შემდეგაც მან მედიის წარმომადგენელს "კოლეგის პატივისცემისკენ" მოუწოდა.

მანამდე ექსპრემიერმა აჭარის ტელევიზია რუსთავი 2-ის ფილიალად მოიხსენია და თქვა, რომ ორივე მედიის "მეპატრონეებს" საქართველოში ტურიზმის შემცირების სურვილი აქვთ. ჟურნალისტის კითხვას, რატომ მოიხსენია რუსთავი 2-ის ფილიალად, ივანიშვილმა ასე უპასუხა:

"თქვენი ქცევებით ეგრეა, თქვენ კითხვებს სვამთ, მაგრამ პასუხს არ ელოდებით".

ინტერვიუს დასაწყისში, როცა ივანიშვილი საუბრობდა, რომ ანტისაოკუპაციო აქციებზე 200 ადამიანი გამოდის, ჟურნალისტმა მას დამაზუსტებელი შეკითხვა დაუსვა. ექპრემიერმა მას მოუწოდა არ შეაწყვეტინოს და დაელოდოს, შემდეგ კი დაინტერესდა რომელი ტელევიზიის წარმომადგენელია. მორიგი კითხვის დასმის დროს, მან რუსთავი 2-სა და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს უთხრა:

"როგორ გავხარ ერთმანეთს ასე".

ამასთან, ივანიშვილმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს უთხრა, რომ აქციაზე "თქვენი ადამიანები არიან".

20 ივნისის აქციის დარბევისა და გახარიას პასუხისმგებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის ვერ მიღების შემდეგ, ჟურნალისტებმა ივანიშვილს კითხვა კვლავ დაუსვეს, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია.

"აბა ჩამოთვალე რა კითხვები გაქვს კიდევ, მერე რომ ვუპასუხო. ორივემ ჩამოთვალეთ, მე რომ პასუხი მადროვოთ", - თქვა მან.

ექსპრემიერი გააღიზიანა ძალის გადამეტების შესახებ კითხვაზე პასუხის დროს ჟურნალისტების ჩაკითხვებმაც.

"აბა სიჩუმეს თუ მიეჩვევით თქვენ, სხვებს რომ აცადოთ, კოლეგებს მაინც, ასეთ უზრდელობას აქაც ნუ შემოიტანთ, დაწყნარდით ცოტა ხნით", - უთხრა მან ჟურნალისტს და შენობის გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მიუთითა.

ივანიშვილის თქმითვე, 20 ივნისის დარბევის დროს გიორგი გახარიამ დაიცვა მოძალადეები, რუსთავი 2-ის და აჭარის ტელევიზიის "მეპატრონეები".

სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებაზე კითხვის შემდეგ ივანიშვილმა მედიას მიმდინარე გამოძიებაზე მიუთითა, დამატებითი კითხვის დროს კი უთხრა, რომ პასუხს კიდევ ერთხელ გაიმეორებს, მათთვის "გასაგები რომ იყოს".

ინტერვიუს დასასრულს ივანიშვილი დაინტერესდა სად იყვნენ ჟურნალისტები 2016 წელს, მაშინ, როცა საქართველოში რუსი დეპუტატები და "ფეესბეს ყოფილი თავმჯდომარე" იმყოფებოდნენ.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ კიდევ ერთი კითხვის დასმა სურდა, რაზეც ივანიშვილმა ასე უპასუხა.

"თუ გაჩუმდები, შეიძლება დაგასმევინო კითხვა".

ბიძინა ივანიშვილი დღეს ბათუმში იმყოფებოდა, სადაც აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია დაფუძნდა. სწორედ ამის შემდეგ უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

კომენტარები