მეზვრიშვილი: არაღიარება, რომ აქცია ძალადობრივი იყო, სირცხვილია

იმედი

გახარიას მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ 20-21 ივნისის ღამის გამოძიებას შედეგი მოკლე დროში ექნება. 

მისივე თქმით, იმის არაღიარება, რომ აქცია ძალადობრივი იყო, ისეთივე სირცხვილია, როგორც ის, რომ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტების ცალკეულ ფაქტებს. 

"იმედი მაქვს, რომ ძალიან მოკლე დროში კონკრეტულ შედეგებს დავდებთ სამართალდამცავი ორგანოები და კონკრეტულ მტკიცებულებებს მოვიპოვებთ, რაც უფრო მაღალი სტანდარტით მოგვცემს ამ კვალიფიკაციით კონკრეტული ქმედების ს ჩადენის დადასტურების შესაძლებლობას. ჩვენ ვამბობთ, რომ აქცია თავიდან მშვიდობიანი იყო, შემდეგ ეს აქცია გახდა ძალადობრივი, ამას ვერსად გავექცევით. მე მესმის, რომ გარკვეული ადამიანები ცდილობენ, რომ სიმართლეს თვალი არ გაუსწორონ სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე, მაგრამ იმისი არაღიარება, რომ აქცია ძალადობრივი იყო ისეთივე სირცხვილია, როგორც იმისი არაღიარება, რომ აქციის შეწყვეტის ღონისძიების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ცალკეულ ფაქტებს, რომელიც სათანადო გამოძიებას საჭიროებს. ამიტომ ორმაგი სტანდარტები აქ არ უნდა დავუშვათ. არც ჩვენ არ უნდა დავუშვათ და არც იმ ადამიანებმა, რომლებიც არ აღიარებენ უბრალოდ აქცია სადაც პოლიციელებს თავს ესხმოდნენ, კორდონიდან იტაცებდნენ, ფარებს სტაცებდნენ, პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, სადაც რკინის კონსტრუქციებს პოლიციელებს ურტყამდნენ, კორდონიდან გატაცებულ პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ამ ფონზე კიდევ აცხადებენ ადამიანები,რომ ძალადობრივი არ იყო", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. დაშავდა 38 ჟურნალისტი. ზოგიერთ მოქალაქეს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი უკვე 24 დღეა ითხოვს, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია ჯერჯერობით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 

კომენტარები