საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდის დაფინანსებას ოცნების მსხვილი შემომწირველები იღებენ

საპარტნიორო ფონდი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საპარტნიორო ფონდის დასრულებული და მიმდინარე პროექტების ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშიდან ირკვევა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების ნაწილს ახორციელებენ კომპანიები, რომელთა მფლობელები ან მმართველები ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველები ან მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები არიან.

მაგალითისთვის, ოცნების მსხვილი შემომწირველები არიან ჩართული ბლოკის საწარმო "YTONG"-ს პროექტში, სადაც საპარტნიორო ფონდი 7.2 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს.

ქარხანას შპს "იტონგ კავკასუსი" აშენებს, რომლის დირექტორმა დიმიტრი ადამიამ ოცნებას 2016 წელს 30 ათასი ლარი შესწირა, 2018-ში კი სალომე ზურაბიშვილს 60 ათასი. ადამია შპს "არქი ნუცუბიძის" დირექტორიცაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი უმრავლესობის წევრი დეპუტატი, ივლიანე წულაიაა. 2016-18 წლებში წულაიამ ოცნებას და ზურაბიშვილს ჯამში 170 ათასი ლარი შესწირა.

"იტონგ კავკასუსის" მესამედის მფლობელმა ირაკლი ქაფიანიძემ 2016-17 წლებში ოცნებას 90 ათასი ლარი შესწირა, 2018-ში კი სალომე ზურაბიშვილს 60 ათასი. ქაფიანიძე ივლიანე წულაიასთან ერთად ექვს სხვა კომპანიასაც ფლობს. მათი ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი, გოჩა ენუქიძეა. 2016-18 წლებში ენუქიძემ ქართულ ოცნებასა და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 165 ათასი ლარი შესწირა.

ამავე პროექტთანაა დაკავშირებული ივლიანე წულაიას ძმა და ბიზნეს პარტნიორი თენგიზ წულაიაც, რომელმაც ოცნებისა და ზურაბიშვილისთვის გასულ წლებში 110 ათასი ლარი გაიღო.

საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსებულ ორ პროექტში, ქართულ სანეშენე ღორის ფერმასა და კერამიკული აგურის ქარხანაში მონაწილეობენ კომპანიები, რომელთა მეწილეც ვასილ ბაბლუანია. ბაბლუანმა 2018 წლის დეკემბერში სალომე ზურაბიშვილს 10 ათასი ლარი შესწირა.

ამასთან, ბაბლუანი შპს "ჯეეს იბერია ქონსალთინგის" დირექტორია. ამ კოპანიის 40%-იანი წილის მფლობელმა, ემზარ ნოზაძემ, 2016 და 2017 წლებში ქართულ ოცნებას ჯამში 50 ათასი ლარი შესწირა, 2018-ში კი სალომე ზურაბიშვილს 20 ათასი.

ბაბლუანი ასევე ფლობს 16%-იან წილს კომპანია "ტიერრა იბერია"-ში, სადაც მისი პარტნიორი გია გაზდელიანია. გაზდელიანმა ოცნებას 2013-14 წლებში 63 ათასი ლარი შესწირა.

კასპის კერამიკული ქარხნის პროექტში საპარტნიორო ფონდთან ერთად ფონდი ქართუ და შპს "კერამიკა ელ ტორრენტესი" მონაწილეობს. ამ კომპანიის 16.7%-იანი წილის მფლობელი ვასილ ბაბლუანია, 28.3%-იანი წილის მფლობელმა ბიძინა სონღულაშვილმა კი 2016 წელს ქართულ ოცნებას 50 ათასი ლარი შესწირა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელი საპარტნიორო ფონდმა 481 მილიონ ლარიანი ზარალით დახურა. ფონდის დირექტორი, დავით საგანელიძე ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ზარალი ძირითადად იმ კომპანიებზე მოდის, ვის მართვაშიც ფონდი არ მონაწილეობს, თუმცა დივიდენდებს მაინც იღებს.

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსხვილი აქტივების მომგებიანი მართვისთვის შეიქმნა, მასში უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიები - რკინიგზა, გაზის და ნავთობის კორპორაცია და სახელმწიფო ელექტროსისტემაა გაერთიანებული. ამას გარდა, ფონდი საინვესტიციო საქმიანობასაც ეწევა.

გასულ წელს დავით საგანელიძემ თანამდებობრივი სარგოს სახით 294 ათასი ლარი მიიღო. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა.

კომენტარები