დიღმელაშვილი: ახალი კადრებით ირკვევა, რომ ძალის გამოყენება საერთოდ არალეგიტიმური იყო

შოთა დიღმელაშვილი
ტაბულა

ანტისაოკუპაციო აქციების ერთერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის შეფასებით, ახალი, უწყვეტი კადრებით ირკვევა, რომ "ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენება არა გადამეტებული, არამედ საერთოდ არალეგიტიმური იყო".

"შესაბამისად, გავრილოვის მიერ ორი კვირით ადრე დაანონსებული მუხლის მისადაგება - ჩვეულებრივი რეპრესიაა. ხელისუფლება მორალურად გაკოტრდა. გამოკვეთილია მტერთან კოლაბორაციის ნიშნები" - წერს დიღმელაშვილი Facebook-ზე.

ნიკა მელიას მიერ 10 ივლისს გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ოპოზიციური ლიდერები პარლამენტის შესასვლელთან მდგარ ხალხს ეუბნებიან, რომ მათ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისგან მიიღეს შეთავაზება, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები გააცნონ. ოპოზიციური ლიდერები ხალხისგან ნებართვას იღებენ, ამ დროს კი მოულოდნელად ცრემლსადენი გაზის პირველი გასროლა ხდება, თანაც არა წინა, არამედ უკანა რიგებში.

20 ივნისს სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო, მშვიდობიანი აქცია ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლებით დაარბია. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს მომიტინგეთა პარლამენტში შეჭრის საფრთხის გამო გააკეთა. 

გავრილოვის ღამის სრული ქრონოლოგია ნახეთ აქ. 

ნიკა მელიას კონტროლის მიზნით ელექტრონულ სამაჯური დაუმაგრეს. 2 ივლისს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეეფარდა, ძალაში დატოვა. 

მანამდე კი, 26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას მელიას დაკავების შესაძლებლობა მისცა, მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერეს. 

მელიას მმართველი გუნდი და მათგან გამომდინარე, პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

კომენტარები