რუსული ოკუპაცია

"რუსეთი ოკუპანტია", გახარია წადი" - ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის დროს აქცია გაიმართა

აჭარის ტელევიზია

ბათუმში, სასტუმროსთან, სადაც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც ოკუპაციას აპროტესტებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

"შეკრებილნი არიან ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ და თბილისიდანაც შემოვუერთდით, ვისაც გულმა გამოგვიწია იმისთვის, რომ დიპლომატებს მივაწოდოთ ჩვენი გზავნილი, რომ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც არ გვინდა, რომ გვყავდეს მოღალატე, მოძალადე და სისხლისმღვრელი ხელისუფლება, რომელმაც პირველად საქართველოს ისტორიაში ანტისაოკუპაციო აქცია დაარბია. როგორ დაარბია და რა ფოემებში, ესეც ბევრჯერ ვნახეთ. პირადად ჩემი მესიჯია, რომ არასდროს დავნებდით ამ ბრძოლაში, აღარ დავუშვებთ, რომ საქართველოს ჰყავდეს თავის მოქალაქეების სისხლში გასვრილი შს მინისტრი" - ამბობს რუსთავი 2-თან აქციის მონაწილე, ზუკა ბერძენიშვილი.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" გაიხსნა, რომელიც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილეს ეძღვნება. კონფერენციას, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა მაღალჩინოსნების გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი და პოლონეთის, სომხეთის, შვედეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

კომენტარები