რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ბახტაძე პუტინის განცხადებაზე: ხალხთა შორის ურთიერთობაში ბარიერები არ უნდა არსებობდეს

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

ხალხთა შორის ურთიერთობაში არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომ საქართველოსთვის სანქციების დაკისრების მომხრე არ არის.

ბახტაძის თქმით, ხალხთა შორის ურთიერთობა არის ძალიან პრინციპული საკითხი და ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს.

"რაც შეეხება კვირას საღამოს მომხდარ ფაქტს, იმ პათოლოგიურ ფრაზებს, რაც მოვისმინეთ, ეს არის სრულიად მიუღებელინებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის, მით უმეტეს მიუღებელია ეს ჩვენი ერისთვის, ერისთვის, რომელიც განსაკუთრებით ამაყობს თავისი კულტურითა და ფასეულობებით. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია ეროვნულ ინტერესებზე.საქართველოს წინაშე არის ძალიან მტკივნეული გამოწვევები და ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გამოწვევების გადალახვა შესაძლებელია მხოლოდ ერთსულოვნებით და კონსოლიდაციით. აქედან გამომდინარე, სრულიად მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა, რომ მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზება. ეს არ შეიძლება და აქედან გამომდინარე, მე მსურს კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, რომ ეს ყველამ კარგად გავითვალისწინოთ და პასუხისმგებლობით მივუდგეთ ნებისმიერ საკითხს", - ამბობს ბახტაძე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა არავის მისცემს უფლებას, საქართველო აქციოს აგრესიული დღის წესრიგის მძევლად, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ არ არის საქართველოსთვის სანქციების დაკისრების მომხრე. ამის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა 8 ივლისს, ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"რაც შეეხება რაღაც ტიპის სანქციების დაკისრებას საქართველოსთან მიმართებით, მე ამას არ გავაკეთებდი სწორედაც რომ ქართველი ერის მიმართ პატივისცემის გამო,"- თქვა პუტინმა. 

მმართველმა პარტიამ "ედინაია რასიამ“ საქართველოდან რუსეთში ღვინისა და წყლის ექსპორტის, ასევე ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხი დააყენა. ვიცესპიკერ სერგეი ნევეროვის განმარტებით, ზომების მიღება საქართველოში მიმდინარე "არამეგობრული ქმედებების" გამო გახდა საჭირო.

კომენტარები