ბრექსითი

ბრიტანელი ლეიბორისტები ევროკავშირში დარჩენას მოითხოვენ

ჯერემი კორბინი
Getty Images

გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტების ლიდერი, ჯერემი კორბინი აცხადებს, რომ მისი პარტია ბრექსითზე ხელახალ რეფერენდუმს მოითხოვს და ევროკავშირში დარჩენისთვის იბრძოლებს.

კორბინის თქმით, ლეიბორისტების მიზანი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე ან ცუდი პირობებით გასვლის პრევენციაა. BBC-სთან ინტერვიუში სოციალისტმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ სურს, ხალხს მისცეს არჩევანის გაკეთების საშუალება.

ჯერემი კორბინის მოწოდების პარალელურად, მმართველ კონსერვატიულ პარტიაში ახალი ლიდერის, შესაბამისად, ახალი პრემიერმინისტრის არჩევნები მიმდინარეობს.

მას შემდეგ, რაც ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებდა, მისი ჩანაცვლების სურვილი 11-მა კონსერვატორმა პოლიტიკოსმა გამოთქვა. დეპუტატებს შორის ჩატარებული რამდენიმე ხმის მიცემის შემდეგ, პარტიის რიგითმა წევრებმა მომავალი ლიდერი ლონდონის ყოფილ მერ ბორის ჯონსონსა და საგარეო მდივან ჯერემი ჰანტს შორის უნდა აირჩიონ. ამჟამინდელი გამოკითხვებით, ფავორიტი ბორის ჯონსონია.

ლეიბორისტების გადახრა ანტი-ბრექსითული პოზიციებისკენ, მნიშვნელოვნადაა გამოწვეული ამჟამინდელი მდგომარეობით საზოგადოებრივ გამოკითხვებში. გასული თვეების მანძილზე, ტრადიციულმა პარტიებმა, კონსერვატორებმა და ლეიბორისტებმა მხარდაჭერა დაკარგეს და მათ გამოკითხვებში ლიბერალ-დემოკრატები და ახლად შექმნილი ბრექსითის პარტია წამოწიენ.

გარდა ამისა, ლეიბორისტულმა პარტიამ ცუდი შედეგი აჩვენა ევროპარლამენტის არჩევნებზე, სადაც მესამე ადგილზე გავიდა 13.6%-ით და ლიბერალ-დემოკრატებს 6%-ით ჩამორჩა.

გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 2019 წლის 30 ოქტომბერს უნდა დატოვოს, თუმცა კვლავაც უცნობია, რა პირობებით. ტერეზა მეის შეთანხმება გასვლის თაობაზე პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, ვიდრე ის გადადგომას გადაწყვეტდა.

 

კომენტარები