აქცია რუსთაველზე

რუსთაველზე სპეცრაზმი დგას

რუსთაველის გამზირზე, ექსტრემისტული ჯგუფების აქციის მხარეს სპეცრაზმი ჩადგა.

პარლამენტის წინ აქციას მართავენ ექსტრემისტული ჯგუფები, ხოლო პუშკინის სკვერიდან პარლამენტის მიმართულებით ანტისაოკუპაციო მსვლელობა გაიმართა. პოლიციამ მსვლელობის მონაწილეებს საშუალება არ მისცა მისულიყვნენ სცენასთან პარლამენტის წინ, სადაც ისინი გასული თვრამეტი დღის განმავლობაში მართავდნენ აქციებს.

ამჟამად, ორ აქციას შორის პოლიციის კორდონი და ყვითელი ავტობუსები დგას, სპეცრაზმი ექსტრემისული ჯგუფების აქციის მხარეს ჩადგა. ანტისაოკუპაციო აქციის გამომსვლელები პიკაპიდან, მეგაფონით მიმართავენ შეკრებილებს.

დილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პროპუტინურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა და ლევან ვასაძის მომხრეებმა დაიკავეს, მოგვიანებით მათ ქართული მარშიც შეუერთდა.

დავით ისაკაძე ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას ითხოვს და აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს. მისი თქმით, "გვიყვარს რუსთაველი, მინდა შვილებთან ერთად გავისეირნო და არ დავინახო ეს საშინელი ხალხი, რომლებიც იძახიან რევოლუცია და აბა, უნდა შევვარდეთ, შევიჭრათ და დავანგრიოთ. უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. აქ გვინდა პარაკლისის გადახდა". ისაკაძემ ასევე გადაწყვიტა, გახარიას გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილეებს მეთვალყურეები დაუყენოს.

კომენტარები