აქცია რუსთაველზე

რუსთაველზე ძალა ერთობაშიას წევრი მხარდამჭერები შეიკრიბნენ

რუსთავი 2

რუსთაველზე, პარლამენტთან ძალა ერთობაშიას მხარდამჭერები იკრიბებიან. მათი თქმით, ეს არის ფეისბუქზე დაგეგმილი აქცია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოხატონ თავიანთი უკმაყოფილება გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ. 

"ჩვენმა მოქალაქეებმა ნახეს, რომ არჩევნები მოგვპარეს. გუშინ ვნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მემორიალთან მიიპარა. ნაცვლად იმისა, რომ ინაუგურაციის ფარგლებში მისულიყო იმიტომ, რომ იცოდა რომ იქ ოპოზიციის წარმომადგენლები არ მივცემდით მოღალატე სალომე ზურაბიშვილის მისვლის ნებას. დღეს ვნახეთ, რომ ფაქტობრივად თელავში შეიპარა ისე, რომ მშვიდობიან მომიტინგეებს არ მიეცათ საშუალებას არა თუ თელავში, არამედ გურჯაანშიც ვერ შევიდნენ. დღეს აქ სოციალური ქსელით დაანონსებული აქციაა. ადამიანებმა ვინც ვერ შეძლეს თელავში წასვლა, აქ ვაპროტესტებთ იმ უსამართლობას, რასაც რუსთავი 2-ში ვუყურეთ გუშინ" - თქვა ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. 

"ძალადობა გრძელდება და ინაუგურაციის პროცესი ფაქტობრივად დაიწყო ძალადობით ისევ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. მინდა საქართველოს ხელისუფლებას შევახსენო, რომ ძალადობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალიან ცუდად მთავრდება და ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ბიძინა ივანიშვილისთვის", - თქვა ენმ-ის წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა. 

დღეს ფეისბუქ-მიმართვაში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, შეიკრიბონ რუსთაველის გამზირზე და საპროტესტო აქცია გამართონ, ვინაიდან მმართველმა გუნდმა არჩევნები მოიპარა, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება უნდა დათმოს. მან რეგიონების მცხოვრებლებსაც მოუწოდა, ჩამოვიდნენ. 

დღეს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გურჯაანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები თელავში დაგეგმილ აქციაზე მისვლას გეგმავდნენ, თუმცა გზა ჩაკეტილი დახვდათ, დაპირისპირება სწორედ ამან გამოიწვია.

კომენტარები