დიდი ბრიტანეთი

ბორის ჯონსონი: მინდა, რომ ყველამ, ვინც ლონდონში ცხოვრობს, ინგლისური ისწავლოს

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ბორის ჯონსონმა, თქვა, რომ ქვეყნის რამდენიმე ნაწილში ინგლისური პირველ ენად არ გამოიყენება და მისი წინადადებაა, რომ ბრიტანეთში მყოფმა ყველა იმიგრანტმა ინგლისური ისწავლოს. 

5 ივლისს დარლინგტონში გამართულ კონსერვატიული პარტიის ლიდერების შეხვედრაზე ლონდონის ყოფილმა მერმა თქვა, რომ მას მოსწონს დედაქალაქში არსებული მრავალფეროვნება, მაგრამ ამასთან აღნიშნა, რომ ზოგიერთი სოციუმი საკმარის არ აკეთებს იმისთვის, რომ სრულად შეძლოს საზოგადოებაში ინტეგრირება. 

"ვფიქრობ, რომ იმ სოციუმების ისტორია, რომლებიც ლონდონში ჩამოვიდნენ და აქ გააგრძელეს ცხოვრება, საოცარია... ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა ლონდონში და ნელნელა ისინი შეიცვალნენ, ადაპტაცია მოახერხეს, ცხოვრება მოიწყვეს და დაგვეხმარნენ ჩვენი ეროვნული კულტურის ჩამოყალიბებაში. და ეს სწორედ ის არის, რაც მე მსურს ჩვენი ქვეყნისთვის. 

მინდა, რომ ყველამ, ვინც აქ ჩამოდის და ცხოვრებას აქ იწყობს, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავს ბრიტანელად გრძნობს, ინგლისური ისწავლოს. ძალიან ხშირი შემთხვევაა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს რაღაც ადგილები, ლონდონისა და სხვა ქალაქების ნაწილები, სადაც ინგლისურს ზოგიერთი ადამიანი პირველ ენად არ იყენებს და ეს უნდა შეიცვალოს. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტისთვის ბორის ჯონსონი და ჯერემი ჰანტი იბრძვიან. 

კონსერვატიული პარტიის კენჭისყრაზე ლონდონის ყოფილმა მერმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა 160 ხმა მიიღო, ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა - 77, ხოლო გარემოს დაცვის მინისტრმა მაიკლ გოუვმა - 75, შესაბამისად, ის კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტისათვის ბრძოლას გამოეთიშა.

ბორის ჯონსონის დაპირებაა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირს 31 ოქტომბერს აუცილებლად დატოვებს. მისივე თქმით ამისათვის ერთადერთი გზა შეთანხმების გარეშე გასვლისათვის მომზადებაა.

"ჩვენ უნდა გავიდეთ 31 ოქტომბერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ პოლიტიკისადმი ნდობა კატასტროფულად დაეცემა. თუ ჩვენ ახლა ვიტყვით, რომ გვაქვს საბოლოო ვადა, რომელიც საბოლოო ვადა არ აღმოჩნდება და 31 ოქტომბერი ისე ჩაივლის, როგორც მარტმა და აპრილმა ჩაიარა, მოსახლეობა მეტი უნდობლობით შემოგვხედავს." თქვა მან.

პირველი კენჭისყრის შედეგად პოსტისათვის ბრძოლას გამოეთიშნენ ანდრეა ლიდსომი და ესტერ მაკვეი, ისევე როგორც მარკ ჰარპერი, გუშინ კი ბრექსითის ყოფილი მინისტრი დომინიკ რაბი, ჯანდაცვის მინისტრი მეტ ჰენკოკი და საერთაშორისო განვითარების მინისტრი რორი სტიუარტი.

დომინიკ რაბმა მხარდაჭერა ბორის ჯონსონს გამოუცხადა. მისი თქმით ჯონსონი ერთადერთი კანდიდატია, ვისაც 31 ოქტომბერს ბრექსითის პროცესის დასრულება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ტერეზა მეიმ პოსტი მაისის ბოლოს დატოვა. ევროკავშირის დატოვების თაობაზე მისი გეგმა პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. ლეიბორისტულ პარტიასთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მეიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა იმის გამო, რომ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული ბრექსითის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, მეიმ ევროკავშირს გასვლის გადავადება სთხოვა. ამჟამად ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს.

კომენტარები