მიხეილ გიორგაძე

მიხეილ გიორგაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

მიხეილ გიორგაძე
ტაბულა

განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა და აღნიშნა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.

"მეგობრებო, მსურს ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობოთ. იცით, რომ 5 წლის წინ დავიკავე კულტურის მინისტრის თანამდებობა და ამ ხნის განმავლობაში ჩემი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს დავუთმე. შემდეგ შემოგვიერთდა ასევე უმნიშვნელოვანესი - სპორტის სფერო და მეამაყება, რომ ამ მიმართულებითაც ბევრ და დიდ წარმატებას მივაღწიეთ! დღეს კი მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა და კერძო სექტორში დავბრუნდე. ვფიქრობ, 5 წელი ამხელა პასუხისმგებლობის თანამდებობაზე არის სრულიად საკმარისი, რომ მაქსიმალური რესურსი ჩადო შენს საქმეში და დადო ის შედეგი, რომლის მიღწევაც შევძელით. ასევე, დროა ადგილი ახალ ადამიანებს, ახალ ენერგიას დავუთმო", - წერს გიორგაძე.

მან მადლობა გადაუხადა კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, კოლეგებსა და გუნდს.

"სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის დავრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად, რადგან მიმაჩნია, რომ ის გეზი, რომელიც ავირჩიეთ არის სწორი და, სირთულეების მიუხედავად, მიღწევადი. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა! გისურვებთ წარმატებებს!", - წერს მიხეილ გიორგაძე.

მიხეილ გიორგაძე 2014 წლიდან კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც სამინისტრო გაუქმდა და განათლების სამინისტროს შეუერთდა, ის განათლების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს.

კომენტარები