ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის სადგური აღარ აშენდება, 2კმ-ში არსებულის რეაბილიტაცია მოხდება

kutaisiairport.ge

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება. იგეგმება არსებული სადგურის რეაბილიტაცია, სადაც მგზავრებს ე.წ შატლით გადაიყვანენ. ამის შესახებ პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა უთხრა.

"ოთხმაგდება ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტი დაახლოებით ორ მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი. რაც შეეხება აეროპორტის რკინიგზასთან დაკავშირებას, აეროპორტიდან ორი კილომეტრის მოშორებით არსებული სარკინიგზო სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.

უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მთავრობას ჩვენს ხედვას. გერმანულმა კომპანია „აერჯიმ“ უკვე დაასრულა კვლევა და გვექნება სარკინიგზო კავშირი აეროპორტთან. ე.წ. შატლს დანიშნავს აეროპორტები, გზების დეპარტამენტიდან ჩვენ გვაქვს დაპირება, რომ გზას გაარემონტებს და არსებულ სარკინიგზო სადგურზე გააჩერებს ყველა მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს და პირიქით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ პირველ არხთან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტში რკინიგზის სადგური ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა გახსნილიყო. ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ორი წლის წინ აცხადებდა, რომ ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობა უკვე დაიწყო. საქართველოს მთავრობის მაშინდელი ინფორმაციით, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, თუ პირიქით მოძრავი ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალიდან რამდენიმე ნაბიჯში უნდა გაჩერებულიყო. გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის 3 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დროის ათვლის დაფაც კი ჩართო, რომელზეც რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა იყო მითითებული.

"364 დღეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა ახალი სარკინიგზო მაგისტრალით იქნება შესაძლებელი" - ამბობდა მაშინდელი პრემიერი.

2019 წლის დასაწყისში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აკაკი საღინაშვილმა თქვა, რომ ქუთაისის აეროპორტში რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით შემუშავებულ დასკვნას გადახედვა სჭირდება. ის სამ სცენარზე საუბრობდა.

"თავის დროზე დასკვნა ჩატარდა - რა იყო უკეთესი და როგორ იყო, ამ დასკვნას სჭირდება განახლება, იმიტომ, რომ იმ დასკვნის შემდეგ, მრავალი რეისი დაემატა ქუთაისის აეროპორტს. 27 მიმართულებით დავიწყებთ ფრენა, სამი სცენარი არსებობს მანდ - 1. არსებული კოპიტნარის სადგურის გარემონტება, რომელიც აეროპორტიდან დაახლოებით 2 კმ-ში მდებარეობს და Shuttle-ბით სიარული. 2. ტერმინალიდან 700 მეტრში მოეწყოს ბაქანი, სადაც ახლა გადის არსებული რკინიგზა და ან საფეხმავლო, ან სხვა გზით წამოვიდეს. 3. საკუთრივ აეროპორტთან მოეწყოს ტერმინალი, ეს ყველაფერი შესწავლის პროცესშია და ვიმედოვნებ, რომ ერთ თვეში პასუხი გვექნება" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები