უაქციზო სიგარეტი

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვისთვის ექვსი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვისთვის ექვსი პირი დააკავეს. 

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს, შიდა ქართლის, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 11 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 41 000 ლარს აღემატება" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა) რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. 

აღსანიშნავია, რომ სიგარეტზე ფასის ზრდამ ქვეყანაში უაქციზო სიგარეტის დიდი რაოდენობით შემოტანა გამოიწვია. ტაბულამ ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, უაქციზო სიგარეტზე 200%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. 

კომენტარები