საქართველო-რუსეთი

Interfax: ბათუმიდან მოსკოვში ჩაფრენილ მგზავრებს ტემპერატურა გაუზომეს

123RF.com

Interfax-ის ცნობით, 29 ივნისს როსპოტრებნადზორის თანამშრომლებმა ბათუმიდან მოსკოვში დომოდედოვოს აეროპორტში ჩამოსულ თვითმფრინავის მგზავრები გასინჯეს, რათა მაღალი ტემპერატურის მქონე მგზავრები აღმოეჩინათ.

"რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ინფექციური დაავადებების შესვლისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დომოდედოვოს აეროპორტში სანიტარიული და საკარანტინო კონტროლის თანამშრომლებმა 15:56 საათზე ჩამოფრენილი ბათუმი-მოსკოვის ურალის ავიახაზების ფრენის მგზავრები შეამოწმეს," - ვკითხულობთ როსპოტრებნადზორის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ექიმებმა უკონტაქტო თერმომეტრები გამოიყენეს, ერთერთ ბავშვს 38.0 ტემპერატურის სიცხე აღმოაჩნდა.

"გამოვლინდა დიაგნოზი ფარინგიტი, მშობლებმა უარი თქვეს ჰოსპიტალიზაციაზე. სხვა დაავადებული მგზავრი ან ეკიპაჟის წევრი არ გამოვლენილა." - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

როსპოტრებნადზორში აღნიშნეს, რომ მგზავრები სულ ნახევარი საათით შეაფერხეს, ხოლო დეპარტამენტის თანამშრომლების ყველა ქმედება საერთაშორისო ჯანდაცვის წესების ფარგლებში ჩატარდა.

21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა.

კომენტარები